საქართველო ყაზახეთში EXPO 2017-ის გახსნისთვის ემზადება

© FB / Каха Каладзеკახა კალაძე და ბაკიტდჯან საგინტაევი
კახა კალაძე და ბაკიტდჯან საგინტაევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასტანაში 10 ივნისს იხსნება გამოფენა EXPO 2017 სახელწოდებით "მომავლის ენერგია".

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება, სადაც პარასკევს მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო გამოფენის EXPO 2017 გახსნის ცერემონიაში.

მიუხედავად იმისა, რომ გახსნის ოფიციალური ცერემონია პარასკევს გაიმართება, გამოფენა 10 ივნისს იხსნება და 10 სექტემბრამდე გასტანს. ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში კალაძე უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბაკიტჟან საგინტაევს, რომელთანაც EXPO 2017-ის შესახებ იმსჯელა.

„იყო ზოგადი საუბარი, პირველ რიგში, EXPO-სთან დაკავშირებით. თქვენთვის ცნობილია, რომ დღეს ოფიციალური გახსნაა… ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია (EXPO-ში მონაწილეობა), რადგან დიდი შესაძლებლობაა – მთელ მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული რესურსები", — განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო EXPO 2017-ზე წარმოდგენილი იქნება 491 კვადრატული მეტრი ფართობის პავილიონში. სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქვეყნის ენერგეტიკულ პოტენციალს. გამოფენაზე საქართველოს კომისარი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი იქნება.

უფრო ადრე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყაზახური მხრიდან EXPO 2017-ზე დასწრების ოფიციალური შეთავაზება მიიღო.

საერთაშორისო სპეციალიზებული გამოფენა EXPO 2017 სახელწოდებით "მომავლის ენერგია" ასტანაში 10 ივნისს იხსნება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. გამოფენაში 115 ქვეყანა მონაწილეობს. სავარაუდოდ, მას 2-3 მილიონი ადამიანი ეწვევა. გამოფენაზე ქვეყნები აჩვენებენ მიღწევებსა და პერსპექტივებს ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების სფეროში და მათ ისეთ უპირატესობებს, როგორიცაა ეკოლოგიური სისუფთავე, ესპლუატაციის დაბალი ღირებულება და გარემოსთვის უვნებლობა.

ყველა ახალი ამბავი
0