04:28 20 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მცირე ზომის ხელჩანთები ბრენდისგან Tomara

ქართული ბრენდი „ტომარა“, რომლის ჩანთები ნიუ-იორკსა და მოსკოვში იყიდება

© FB/ Tomara
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
მერი ბლიაძე
178681

ქართული ჩანთების ბრენდი „ტომარა“ სამმა მეგობარმა ნატალი ნოზაძემ, ქეთა რატიანმა და მარიამ შენგელიამ სპონტანურად შექმნეს. შედეგმა გაამართლა. საქართველოს გარდა, „ტომარას“ მიერ წარმოებული ჩანთები ნიუ-იორკის მაღაზია Malat-ში და მოსკოვის In love with Georgia-ში წარმატებით იყიდება.

ბრენდის ერთ-ერთმა შემქმნელმა ნატალი ნოზაძემ „Sputnik საქართველოსთან“ საუბრისას განმარტა, რომ ამ ეტაპზე „ტომარა“ მხოლოდ ქალბატონებს სთავაზობს ჩანთებს, თუმცა მეგობრები სამომავლოდ წარმოების გაზრდას, ბრენდის გაფართოებას და პროდუქციის გამრავალფეროვნებას გეგმავენ.

ნატალი ნოზაძე კოლეგებთან ერთად
ნატალი ნოზაძის პირადი არქივი
ნატალი ნოზაძე კოლეგებთან ერთად

— ქართული სტარტაპის — „ტომარას“ დაარსება სამმა მეგობარმა, მე, ქეთა რატიანმა და მარიამ შენგელიამ სპონტანურად გადავწყვიტეთ. თითოეულ ჩვენგანს დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე გვინდოდა ისეთი საკუთარი საქმის წამოწყება, რომელიც იქნებოდა განტვირთვის, სიამოვნების მიღების და ახალი უნარ-ჩვევების დაუფლების საშუალება.

ქეთა ბავშვობიდან დაინტერესებულია მოდით, კარგად ერკვევა თანამედროვე ტენდენციებში. მარიამი და მე პროფესიით ჟურნალისტები ვართ. ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე თითქმის ყოველდღე გვიწევდა შეხება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ნიჭიერ და საინტერესო ადამიანებთან, ვისგანაც ბევრი ახალი რამ ვისწავლეთ.

ქართული ბაზრის შესწავლის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში არცთუ ისე ბევრი ბრენდია, რომელიც მხოლოდ ჩანთების წარმოებით არის დაკავებული და ამ ნიშაში თავისუფლად შეგვეძლო ჩვენთის ღირსეული ადგილის პოვნა და თავის დამკვიდრება.

– რამდენი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე გამოვიდა თქვენ ნაწარმი და როგორ მიიღო იგი საზოგადოებამ?

— პირველი ტყავის ჩანთები ლიმიტირებული რაოდენობით 2015 წლის აგვისტოში შევკერეთ. ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელიც საზოგადოებამ ძალიან კარგად მიიღო. მინიმალური სასტარტო თანხით, რომელიც ჩვენ პირად დანაზოგს წარმოადგენდა, და მინიმალური რეკლამით (მხოლოდ სოციალურ ქსელში განვათავსეთ პროდუქცია) ჩვენ ჩანთებზე მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ასეთმა დადებითმა გამოხმაურებამ, რა თქმა უნდა, მოგვცა სტიმული, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი გვემუშავა და ბევრი სიახლე შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის.

მომცრო ზომის ფერადი ჩანთები
მომცრო ზომის ფერადი ჩანთები

– რა მასალისგან მზადდება ჩანთები და, თქვენი აზრით, რით არის იგი გამორჩეული?

— თავდაპირველად მუშაობა ნატურალურ ტყავზე დავიწყეთ, რადგან ჩვენი მთავარი პრინციპი იყო, არის და იქნება – საუკეთესო ხარისხი! მუშაობის პროცესში მივხვდით, რომ პროდუქცია სხვადასხვა სეგმენტის და ასაკის მომხმარებლისთვის უნდა შეგვეთავაზებინა, ამიტომ დავამატეთ მაღალი ხარისხის ტყავის შემცვლელი და ნატურალური ქსოვილები. ვცდილობთ, რომ ქსოვილთან ერთად მაქსიმალურად მრავალფეროვანი არჩევანი გვქონდეს მოდელების კუთხითაც. ჩვენ ვიყავით პირველი სტარტაპი, რომელმაც საქართველოში დამზადებული წელზე გასაკეთებელი ჩანთები ე.წ. Boom Bag-ები შესთავაზა მომხმარებელს.

„ტომარას“ ჩანთები გამორჩეული, ალბათ, იმით არის, რომ სანამ რომელიმე კონკრეტული მოდელი მომხმარებლამდე მივა, ძალიან ბევრს ვმუშაობთ მის დიზაინზე. თითოეულ დეტალს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, ხანდახან ვკამათობთ კიდეც ასე სჯობს თუ ისე, რომ საბოლოო ჯამში საუკეთესო გამოსავალზე შევჯერდეთ.

ზურგჩანთა
ზურგჩანთა

– შეგიძლიათ გაიხსენოთ, თქვენი პირველი ჩანთა ვინ შეიძინა და როგორი შთაბეჭდილებით წავიდა?

— თუ არ ვცდები, პირველი ჩანთა შეიძინა დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა. მარიამი („ტომარას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი) მასთან ინტერვიუზე იყო მისული და ჩვენი შეკერილი ჩანთა ეჭირა. დათუნას ჩანთა იმდენად მოეწონა, რომ ის ადგილზევე შეიძინა.

– ჩანთების შექმნის დროს რაზე ხართ ორიენტირებული – ხარისხზე, დიზაინზე, თუ რაოდენობაც მნიშვნელოვანია?

— რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ ორიენტირებული ვიყოთ ყველაფერზე ერთად. დიზაინთან და ხარისხთან ერთად, თუ გვინდა, რომ ფინანსურ წარმატებასაც მივაღწიოთ და ჩვენი ბრენდი უფრო პოპულარული გავხადოთ, მნიშვნელოვანია რაოდენობაც და ის ბრუნვა, რომელიც მომავალში ექნება ჩვენს კომპანიას. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი მაინც ხარისხია. გვირჩევნია ნაკლები რაოდენობით შევკეროთ თითო მოდელი, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული ვიყოთ მათ ხარისხსა და გამძლეობაში.

ნატურალური ტყავის ჩანთა ხის კომბინაციით
ნატურალური ტყავის ჩანთა ხის კომბინაციით

– რა ტიპის ჩანთებს კერავთ?

— ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ ქალბატონების ხაზი. მომავალში გვაქვს სურვილი რომ გავფართოვდეთ და შევკეროთ ჩანთები როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. ეს ყველაფერი, ალბათ, მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც ჩვენ ოცნებას ავისრულებთ და გავხსნით პატარა სამკერვალოს, სადაც ექსკლუზიურად მხოლოდ „ტომარას“ ჩანთები შეიკერება.

– ჩანთების დიზაინი ვის ეკუთვნის?

— დიზაინზე ძირითადად ქეთა მუშაობს. ის ამზადებს მთავარ მონახაზს, თუმცა მე და მარიამსაც აუცილებლად შეგვაქვს ჩვენი კორექტივები. საბოლოო ჯამში, სამივე ერთად ვამტკიცებთ მოდელს.

– მომხმარებლების გემოვნებით თუ კერავთ ჩანთებს?

— კი, ამ ორი წლის განმავლობაში მიგვიღია ერთჯერადი შეკვეთებიც. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარ კოლექციაზე მუშაობა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ინდივიდუალური შეკვეთებისთვის ნაკლები დრო გვრჩება. გვიმუშავია კორპორატიულ შეკვეთებზეც. ამ კუთხით პოტენციურ შემკვეთებს გვინდა მომავალში ბევრი საინტერესო წინადადება შევთავაზოთ.

ზურგჩანთა
ზურგჩანთა

– უცხოელები თუ ყიდულობენ თქვენ ნაწარმს, ან საზღვარგარეთ თუ გაგაქვთ?

— ჩვენი ჩანთები მოსკოვში, მაღაზია IN LOVE WITH GEORGIA-ს შოუ-რუმში იყიდება. ერთი მოდელი გავგზავნეთ ქართველი დიზაინერების მაღაზია MALAT-ში ნიუ-იორკში. როგორც ჩვენი პარტნიორებისგან ვიცით, „ტომარას“ ჩანთებმა ორივე ბაზარზე დიდი მოწონება დაიმსახურა, ამიტომ არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში უფრო აქტიური თანამშრომლობა გვქონდეს. არ არის გამორიცხული, რომ სხვა ქვეყნებშიც გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია.

– შეგიძლიათ გვითხრათ, ფასები რა ფარგლებში მერყეობს და რის მიხედვით იცვლება?

— ფასები იწყება 60-80 ლარიდან და იზრდება 300 ლარამდე. ყველაფერი დამოკიდებულია მოდელის მასალაზე, მისი შეკერვის სირთულეზე და სხვადასხვა დეტალებზე. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, „ტომარას“  ჩანთები იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი.  მომავალში, როდესაც დღის წესრიგში დაგვიდგება წარმოებული პროდუქციის გაზრდა, აუცილებლად ვიმუშავებთ ფასების მიმართულებითაც. შევეცდებით მაქსიმალურად მოქნილი და მისაღები ფასები შევთავაზოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებელს.

– სამომავლოდ რას გეგმავთ?

— ძალიან აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა სახის გამოფენა-გაყიდვებში და სტარტაპებისთვის ორგანიზებულ ღონისძიებებში.

ახლა ვემზადებით ჩვენი საყვარელი ივენთისათვის STARTUP MARKET, რომელიც 26 მაისს რუსთაველის გამზირზე გაიმართება. წინა მარკეტის მსგავსად იმედი გვაქვს, რომ ძალიან საინტერესო, მხიარული და ორიგინალური ღონისძიება გამოვა, სადაც „ტომარა“ აქსესუარების კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი.

მთავარი თემები