ნიკა ჩიტაძე: წვევამდელებს უქმეების გატარება ოჯახში უნდა შეეძლოთ

© photo: courtesy of Nika Chitadzeპოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემა გადახედვას საჭიროებს, მიაჩნია პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. წვევამდელებს შაბათ-კვირის და სადღესასწაულო დღეების შინ გატარების საშუალება უნდა ჰქონდეთ, ამით საბიუჯეტო სახსრებიც დაიზოგება და ახალგაზრდებიც არ მოწყდებიან ოჯახებს, განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა — სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.

სავალდებულო სამხედრო გაწვევა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას წინამორბედმა თინათინ ხიდაშელმა 2016 წლის ზაფხულში გააუქმა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა 2017 წლის თებერვალში აღადგინა, მაგრამ ახალი სისტემით. ადრე ახალწვეულები სავალდებულო სამსახურის გავლისას ხშირად იცავდნენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან სახელმწიფო ობიექტებს. გარდა შეიარაღებული ძალებისა, მათ ანაწილებდნენ სხვა ძალოვან უწყებებში — შსს-ში, უშიშროების სამსახურში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. ახალი წესებით კი ახალწვეულები სამი თვის განმავლობაში გაივლიან სრულფასოვან საწყის საბრძოლო მომზადებას და სრულყოფილ სამხედრო მოსამსახურეებად ჩამოყალიბდებიან.

რეზერვს რაც შეეხება, ნიკა ჩიტაძის თქმით, გარკვეული ცვლილებები აქაც არის გასატარებელი, რათა საქართველოს უფრო მეტ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს ის საწყისი სამხედრო მომზადება, რის საშუალებასაც 45-დღიანი სასწავლო კურსი იძლევა.

სამხედროები - Sputnik საქართველო
სამხედრო სავალდებულო სამსახურში, შესაძლოა, უქმეები და შვებულება დაადგინონ

ცნობილია, რომ თავდაცვის სამინისტრო ე.წ. აქტიური სარეზერვო სამსახურის შემოღებას გეგმავს. აქტიური სარეზერვო სამსახური სამი კომპონენტისგან იქნება შედგენილი, ესენია: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. სამივე ტიპის რეზერვს თავის სპეციფიკური დანიშნულება ექნება.

სარეზერვო სისტემა ხდება ანაზღაურებადი და მოქალაქეებისთვის რეზერვის გავლა ნებაყოფლობითი იქნება. რეზერვისტები ორი სახის მომზადებას გაივლიან, საბრძოლო — ინტენსიურსა და სამობილიზაციო — მოკლევადიანს.

გარდა ამისა, ნიკა ჩიტაძის აზრით, თავდაცვის ბიუჯეტი ძირითადად ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შეძენაზე უნდა იხარჯებოდეს.

"საქართველოს შეიარაღება თავდაცვაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რადგან თუ საქართველო ომში ჩაერთო, მას თავდაცვითი ომი ექნება", —აღნიშნა პოლიტოლოგმა.

 

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0