საქართველოში ევროპის ქვეყნებში ტურებზე მოთხოვნა გაიზარდა

© AP Photo / Andrew Medichiniვენეციაში - გონდოლა - წყლის ყველაზე უჩვეულო ტაქსი
ვენეციაში - გონდოლა - წყლის ყველაზე უჩვეულო ტაქსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ ტურ-ოპერატორები ევროპის ქვეყნებში ტურებით დაინტერესების დაახლოებით 30%-იან ზრდაზე საუბრობენ.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ბოლო დროს საქართველოს მოსახლეობა სულ უფრო დაინტერესებულია ევროპის ქვეყნებში ტურებით, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას უკავშირდება.

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებით (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ჩასვლა უვიზოდ შეუძლიათ. ვიზა საჭირო არ არის ტურისტული, საქმიანი და სტუმრის სტატუსით ვიზიტის დროს.

"Sputnik–საქართველომ" ტურისტულ კომპანიებს შორის მცირე გამოკითხვა ჩაატარა იმის შესახებ, კერძოდ რომელი მიმართულებები აინტერესებთ ქართველ ტურისტებს.

ტურისტული კომპანია Love Travel-ის წარმომადგენელი მირანდა კესარელი

"უკვე დაახლოებით ორი კვირაა, რაც მოთხოვნა გაიზარდა. მოთხოვნა ევროპაში ტურებზე 30%-ით გაიზარდა. ძირითადად აინტერესებთ მგზავრობა იტალიაში, პოლონეთში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში. ტურისტებს ამ ქვეყნებში გამგზავრება ერთი, მაქსიმუმ ორი კვირით უნდათ", — განაცხადა კესარელმა.

ტურისტული კომპანია ОК Travel-ის მენეჯერი მონიკა ლათიბაშვილი

"მარტის დასაწყისში შეხვედრა გვქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მათ ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვაწოდეს. მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ეს ინფორმაცია უშუალოდ მგზავრებს მივაწოდეთ, დაახლოებით 10 მარტიდან. მოთხოვნა ევროპის მიმართულებით ყოველთვის დიდი იყო, მაგრამ ახლა 40-50%-ით გაიზარდა. ყველაზე პოპულარული მიმართულებებია კვლავ იტალია, ესპანეთი, ჩეხეთი. ტურის ხანგრძლივობა მინიმუმ ხუთი დღეა. არის შემთხვევები, როდესაც ტურისტებს მოგზაურობა ერთი თვის განმავლობაში სურთ", — განაცხადა ლათიბაშვილმა.

ტურისტული კომპანია Star Travel-ის მენეჯერი თამარ სუხიტაშვილი

"ბოლო პერიოდში მოთხოვნა თითქმის 30%-ით გაიზარდა. ძალიან ხშირად აინტერესებთ ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, უნგრეთი, ჩეხეთი. ამჟამად ძალზე აქტუალურია უიკენდ-ტურები — ტურები ევროპაში უქმეებზე. მაგრამ ძირითადად ერთკვირიანი ტურები აინტერესებთ. ყველაზე ხშირად ვყიდით 5-6-დღიანი ტურების პაკეტებს", — განაცხადა სუხიტაშვილმა.

ტურისტული კომპანია Total Travel

"ევროპაზე ბოლო დროს საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ტურებს ტურისტული სააგენტოს მეშვეობით უფრო ხშირად ყიდულობენ, ვიდრე ადრე. მოთხოვნა არის, მაგრამ ტურისტებს ურჩევნიათ, თვითონ იყიდონ ყველაფერი, მათ შორის ავიაბილეთებიც. ჩვენთან ძალიან ბევრი ზარი შემოდის, მაგრამ გაყიდვა რეალურად შედარებით შემცირდა, ვფიქრობ, ინტერესი უფრო მეტია, ვიდრე რეალურად გაყიდული ტურების რაოდენობა. ლიდერია იტალიისა და გერმანიის მიმართულებები", — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

ყველა ახალი ამბავი
0