აჭარაში დასვენებით ვიზიტორების 72% კმაყოფილია

გამოწერა
უცხოელ ტურისტებს აჭარაში ყველაზე მეტად მოსწონთ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა და სამზარეულო, ხოლო უკმაყოფილოები უამინდობასა და კონცერტების ორგანიზებას უჩივიან.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. უცხოელი ვიზიტორების უმრავლესობა (72%), რომლებიც აჭარაში 2-3 დღე ჩერდებიან, კმაყოფილი არიან ამ რეგიონში მოგზაურობით, აღნიშნულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის კვლევაში.

კვლევა მოიცავს 2016 წლის აპრილი-ივნისის პერიოდს. მასში მონაწილეობდა 909 უცხოელი ვიზიტორი. ისინი აჭარიდან გამგზავრების წინ გამოიკითხნენ.

ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, უცხოელი ტურისტების 45,4% აჭარაში მეგობრებთან ერთად ჩამოდის, ხოლო 31,1% მარტო მოგზაურობას ამჯობინებს.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ერთი ტურისტი აჭარაში ყოფნისას საშუალოდ 1059 ლარს ხარჯავს. ამ თანხაში შედის კვება, სასტუმრო, გართობა, ტრანსპორტი.

მწვანე კონცხი - Sputnik საქართველო
აჭარის რეკლამაზე საზღვარგარეთ 5,4 მლნ ლარი დაიხარჯება

ვიზიტორების 55,7% რეგიონს მისი ღირსშესანიშნაობების დათვალიერების, ბუნებისა და ლანდშაფტის გაცნობის მიზნით სტუმრობს. აზარტული თამაშებისთვის ვიზიტორების 9,1% ჩამოდის.

ეკოტურიზმი 90%-ს იზიდავს, ღვინო და გასტრონომიული ტურიზმი — 38,64%-ს, ხოლო კულტურული ტურიზმი — 31,24%-ს.

ვიზიტორების უმრავლესობას (95%) აჭარაში ხელმეორედ ჩამოსვლის სურვილი აქვს. 73%-ს იზიდავს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა, 68%-ს — სამზარეულო, 47%-ს — ღვინო, 89%-ს — ბუნება, 80%-ს — უსაფრთხოების პირობები.

რაც შეეხება არსებულ პრობლემებს, 909 გამოკითხულიდან 1,03% ასახელებს უამინდობას, 1,25% უკმაყოფილოა კონცერტების ორგანიზებით, 0,65% — მომსახურებითა და სასტუმროებში არსებული პირობებით, ხოლო 0,42% — საგზაო ინფრასტრუქტურით.

მოგზაურობა აჭარის ველურ ბუნებაში - Sputnik საქართველო
მოგზაურობა აჭარის ველურ ბუნებაში

გამოკითხული უცხოელი ვიზიტორების მხოლოდ 4%-მა შეძლო დამატებითი სერვისების დასახელება, რომელთა ნახვასაც ისინი აჭარაში მოისურვებდნენ. 0,42%-ს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბიბლიოთეკის ნახვა სურს, 0,42%-ს რუსულენოვანი აუდიოგიდის, 0,6%-ს ბათუმში დამატებითი ავიარეისების, 0,6%-ს — პარკებში დამატებითი ატრაქციონების, 0,6%-ს — საზოგადოებრივი ტუალეტების, ხოლო 0,6%-ს — სავაჭრო ცენტრების.

ყველა ახალი ამბავი
0