საქველმოქმედო არტთერაპია სახელწოდებით “აქ სიყვარულია"

© ლიკა ბებურიძეკავკასიონის სინერგია
კავკასიონის სინერგია - Sputnik საქართველო
გამოწერა
27 აგვისტოს საქველმოქმედო ორგანიზაცია „კავკასიონის სინერგია“, რომელიც წელს დაარსების 5 წლისთავს აღნიშნავს, გრანდიოზული ღონისძიებისთვის ემზადება. მაგრამ მანამდე, 30 ივლისს, 16 საათზე პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ორგანიზაცია იუბილესთან დაკავშირებით მორიგ სასაჩუქრე ფსიქოსემინარს ჩაატარებს.

ამ დღესვე გაიმართება საქველმოქმედო არტთერაპია სახელწოდებით “აქ სიყვარულია". ორგანიზაციის პრეზიდენტის, ფსიქოლოგ ლიკა ბებურიძის სასაუბრო თემა იქნება „ფსიქოძალადობა, მოზარდი, პრობლემები და მიზეზები”. ჩვენ დავუკავშირდით მას და ორგანიზაციის სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე გავესაუბრეთ.

– ქალბატონო ლიკა, თქვენი ორგანიზაცია ცნობილია თავისი საქველმოქმედო აქციებით, ამჯერად რის ჩატარებას აპირებთ? 

— ამჯერად ფსიქოსემინარისა და არტთერაპიიის ჩატარებას ვაპირებთ, რომელშიც ხელოვანი ადამიანები ჩავრთეთ – პოეტი ლინა მანველი, ჯგუფ „ზღვარის“ შემქმნელი სერგი ლომაძე და ამავე ჯგუფის სოლისტი კახა ბაციკაძე. ფსიქოსემინარზე შევეხებით ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა ოჯახის, მშობლის და გარემოს როლი, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საშიშროება, სუიციდის მცდელობები და მისი პრევენცია.

– თუ შეიძლება, მკითხველს თქვენი ორგანიზაციის მიერ განხორცილებული პროექტები შევახსენოთ… 

— არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიონის სინერგია“ ახორციელებს საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, უმეთვალყურეო, შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე პირთა, ღარიბი და ობოლი ბავშვების, მოხუცების, მარტოხელა დედების, უმწეო ადამიანების დახმარებას, მათი სულიერი და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებას. დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციას სხვადასხვა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამედიცინო თუ კვებით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად 6650 ოჯახი ჰყავს ჩართული. ამჯერად მიმდინარეობს პროექტები – “დაჩაგრულები”, “მჭირდები”, “ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!” მათში ჩართული არიან სხვადასხვა პრობლემების გამო განსაცდელში ჩავარდნილი როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე სტუდენტები. რაც შეეხება 27 აგვისტოს, ამ დღეს ჩვენ იუბილესთან დაკავშირებით რიყის პარკში 8000 ოჯახი გვყავს მოწვეული. ამ დღეს ჩვენს მეგობარ ორგანიზაციებს მოვიწვევთ და დავაჯილდოვებთ. გაიმართება სხვადასხვა სახის თამაშები, სადაც არა მარტო ბენეფიციარები მიიღებენ მონაწილეობას, არამედ სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული მოზარდებიც. ჩვენი ორგანიზაცია, სამწუხაროდ, დღესაც ოფისის გარეშე მუშაობს, ამიტომ საზოგადოებასა და ბიზნეს-სექტორს ვთხოვ, გამოიჩინოს გულისხმიერება და იმის საშუალება მოგვცეს, რომ მსგავსი ტიპის საჭირო პროექტების განხორცილება მომავალშიც შევძლოთ. მინდა ჩვენი ანგარიშის ნომერი გაცნობოთ: GE63BG0000000346191900, "კავკასიონის სინერგია" ს/კოდი: 404906508. ამ სფეროში მუშაობის მანძილზე ბევრი ტკივილიანი ადამიანური ისტორია მოვისმინე, ვეცადე ამ ადამიანების გვერდით ვმდგარიყავი და მათთვის შეძლებისდაგვარად აღმომეჩინა დახმარება. იმედი მაქვს, რომ სასიკეთო საქმეების კეთების დროს მარტო არ აღმოვჩნდები…

ყველა ახალი ამბავი
0