ალასანია აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს დელეგაციას საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ესაუბრა

გამოწერა
აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს სამუშაო ჯგუფი სამშაბათს გაეროში საქართველოს ყოფილ ელჩს, პარტიის ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერს ირაკლი ალასანიას შეხვდა.

თბილისი, 19 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესასწავლად ორშაბათს ჩამოვიდა, სამშაბათს გაეროში საქართველოს ყოფილ ელჩს, პარტიის ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერს ირაკლი ალასანიას შეხვდა.

დახურული შეხვედრის შემდეგ ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ატლანტიკური საბჭოს სამუშაო ჯგუფის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ-ის პოლიტიკური სპექტრი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

”შეხვედრაზე ყურადღება მივაქციეთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებებს. აღვნიშნეთ, თუ როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო და დაიწყოს მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას და აოპოზიციას შორის. ჩვენმა სტუმრებმა ამ საკითხს სრულად დაუჭირეს მხარი”, - განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს სამუშაო ჯგუფი საქართველოში ვიზიტის შემდეგ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საკითხებთან და იმასთან დაკავშირებით, თუ რა სჭირდება საქართველოს აშშ-ისგან, რეკომენდაციებს მოამზადებს. 

დელეგაციის წევრები საქართველოში 21 ოქტომბრამდე დარჩებიან.

ყველა ახალი ამბავი
0