საქართველოს დეოკუპაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს - საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოწერა
საქართველოს დეოკუპაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ სამშაბათს პერევიდან რუსული ჯარის გაყვანის შესახებ კომეტარისას.

 

თბილისი, 19 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს დეოკუპაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ სამშაბათს პერევიდან რუსული ჯარის გაყვანის შესახებ კომეტარისას.

”მთავარია, რომ ეს ნაბიჯი ცალკეული არ იყოს და არ განიხილებოდეს, როგორც დამოუკიდებელი ფაქტი. ეს უნდა იყოს პროცესის დასაწყისი, რომელიც საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე გაგრძელდება”, - განაცხადა კალანდაძემ ტელეკომპანია ”იმედისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მინისტრის მოადგილის თქმით, ”პერევიდან რუსული ჯარის გაყვანა, თავისთავად, პოზიტიური და მნიშვნელოვანი ფაქტია”.

ჯარის გაყვანის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად კალანდაძე რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლას და რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის საფრანგეთის პრეზიდენტთან ნიკოლა სარკოზისთან და გერმანიის კანცლერთა ანგელა მერკელთან დაგეგმილ შეხვედრებს მიიჩნევს.

”რუსეთს უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე კონსტრუქციულად გამოჩნდეს. ეს კონკრეტული ნაბიჯია, რომელსაც პრაგმატული მოტივაცია აქვს”, - განაცხადა კალანდაძემ. ამასთან, ქართველი დიპლომატი მიუთითებს, რომ ”რუსული ჯარი მხოლოდ პერევიდან გავიდა და ამ ეტაპზე არანაირი ნიშანი არ არის იმისა, რომ რუსეთი საქართველოს სრული დეოკუპაციისთვის მზად არის”.

მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ”პერევიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანა მხოლოდ მიკროსკოპული ნაბიჯია იმ ვალდებულებების ფონზე, რომლებიც რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად”.

 

ყველა ახალი ამბავი
0