ახალგაზრდა ”ქრისტიან-დემოკრატებს” მოსახლეობის კომპიუტერიზაციის პროგრამის არ სჯერათ

გამოწერა
სამშაბათს ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ახალგაზრდულმა ფრთამ საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ მორიგი თეატრალიზებული საპროტესტო აქცია გამართა.

თბილისი, 19 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. სამშაბათს ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ახალგაზრდულმა ფრთამ საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ მორიგი თეატრალიზებული საპროტესტო აქცია გამართა.

”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ პროტესტი კომპიუტერის შეძენის შეღავათიანი საკრედიტო პროგრამის შესახებ მთავრობის ინიციატივის შემოღებასთან დაკავშირებით გამოხატა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 ნოემბრიდან საქართველოში კომპიუტერის შეძენისას მოსახლეობისთვის ამოქმედდება შეღავათიანი პროგრამა. განათლების და მეცნიერების სამინისტრომ უკვე დაასრულა მოლაპარაკებები კომპანია Intel-თან და 22 ოქტომბერს გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც მოქალაქეებისთვის კომპიუტერის შეძენას განვადებით, განსაკუთრებული პირობებით ითვალისწინებს - ისინი დღეში ერთ ლარს გადაიხდიან. 

აქციის მსვლელობისას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მონაწილემ, ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელმა გიორგი პეპელაშვილმა განაცხადა, რომ აქციის ჩატარების მიზეზი მისდამი სტუდენტების მიმართვა გახდა, რომელთაც არ შეუძლიათ კომპიუტერების შეძენა იმ პირობებით, რომელიც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა.

”საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ”კრედიტ ინფოს” მონაცემთა ბაზაში ეგრეთ წოდებულ ”შავ სიაში” იმყოფება, და უახლოეს ხუთ წელიწადში ისინი საქართველოს ბანკებში კრედიტის აღებას ვერ შეძლებენ”, - განაცხადა პეპელაშვილმა.

”ამასთან, დღეს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა უმუშევარია. ძალიან რთულ მატერიალურ მდგომარეობაში იმყოფება სტუდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთათვისაც კომპიუტერისთვის კრედიტის გადახდა დიდი პრობლემაა”, - აღნიშნა მან.

აქციის მონაწილეთა თქმით, რეალური ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობის ინიციატივა - ეს მორიგი პიარ-აქციაა, რომელიც ”უფრო საბავშვო ზღაპარს წააგავს”. ამიტომ ”ქრისტიან-დემოკრატების” ახალგაზრდულმა ფრთამ დღევანდელი აქცია ჩაატარა დევიზით ”ზღაპარი დღეში ერთ ლარად”. 

ყველა ახალი ამბავი
0