ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებს პარლამენტის იგნორირებაში ადანაშაულებს

გამოწერა
ოპოზიციური ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატები” ფინანსთა მინისტრს კახა ბაინდურაშვილს და ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის მინისტრს სანდრო ურუშაძეს პარლამენტის იგნორირებაში ადანაშაულებს.

თბილისი, 12 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. ოპოზიციური ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატები” ფინანსთა მინისტრს კახა ბაინდურაშვილს და ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის მინისტრს სანდრო ურუშაძეს პარლამენტის იგნორირებაში ადანაშაულებს, იუწყება სამშაბათს ”ახალი ამბები - საქართველოს” საპარლამენტო კორესპონდენტი.

როგორც პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა, ფრაქციის წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა, ”2011 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ჯერ კიდევ შეტანილი არ არის”.

”ამ დოკუმენტს სახელმწიფო ბიუჯეტს ვერ ვუწოდებ, რადგანაც მასში ჯანდაცვის ბიუჯეტის შესახებ არაფერია ნათქვამი. გვითხრეს, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროებს შორის, მაგრამ ეს დიდხანს გრძელდება და ცოტა დრო დარჩა, მოხლოდ ორი თვე. შემიძლია, ეს ფაქტი შევაფასო, როგორც მხოლოდ პარლამენტის იგნორირება”, - განაცხადა ანიკაშვილმა. 

ოპოზიციის პრეტენზიას ჯანდაცვის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ უპასუხა და ოპოზიციას ”ცოტა ხანს მოცდა” სთხოვა.

”დასკვნებს ნაადრევად ნუ გამოიტანთ. გარწმუნებთ, რომ კონსულტაციების შემდეგ მთავრობა უკეთეს ბიუჯეტს წარმოადგენს, ვიდრე წინა იყო”, - განაცხადა თოიძემ და აღნიშნა, რომ ბიუჯეტი წარმოდგენილი და განხილული პარასკევს, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე იქნება. 

ყველა ახალი ამბავი
0