ნატოს გენერალურმა მდივანმა თბილისში ვიზიტი საგარეო საქმეთა სამინისტროში მოლაპარაკებებით დაიწყო

გამოწერა
ნატო საქართველოსთან პარტნიორობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრაზე.

თბილისი, 1 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ნატო საქართველოსთან პარტნიორობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პარასკევს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრაზე.

”ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივია, ამჯერად ნატოს გენერალური მდივნის რანგში. მე საქართველოსთან პარტნიორობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა რასმუსენმა შეხვედრის შესავალ ნაწილში.

ვიზიტი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მხარეებს კომენტარები არ გაუკეთებიათ.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ხუთშაბათს, 30  სექტემბერს გვიან ღამით საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. 

ეს ანდერს ფოგ რასმუსენის საქართველოში პირველი ვიზიტია ნატოს გენერალური მდივნის რანგში. 2008 წელს რასმუსენი საქართელოს დანიის პრემიერ–მინისტრის რანგში სტუმრობდა.

ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო. დღის წესრიგშია – ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებული საკითხები და თბილისსა და ნატოს შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.  

ნატოს გენერალური მდივანი გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გაემართა თავდაცვის სამინისტროში, სადაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მონაცემებით, დაგეგმილია მისი განცხადება პრესისთვის. შემდეგ პროგრამაშია შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან.  

დღის განმავლობაში რასმუსენი მონაწილეობას მიიღებს თბილისში ნატოსთან სამოკავშირეო ოფისის გახსნაში. ოფისი გაიხსნება თბილისის ცენტრში, შენობაში, სადაც მანამდე საქართვ ელოში აშშ–ის საელჩო იყო განთავსებული. 

პრეზიდენტის რეზიდენციაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელს 13:00 საათისთვის ელიან. ქვეყნის პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია.

ყველა ახალი ამბავი
0