რუსეთში ლუჟკოვის გადაყენების შემდეგ პოლიტიკის ახალი ეტაპი იწყება - კუკავა

გამოწერა
კონსერვატიული პარტიის ლიდერი კახა კუკავა მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას ”რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალ ეტაპს უწოდებს”.

თბილისი, 28 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. კონსერვატიული პარტიის ლიდერი კახა კუკავა მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას ”რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალ ეტაპს უწოდებს”. ამის შესახებ მან ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს სამშაბათს განუცხადა.  

”მერის გადაყენების ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია და ახალი ეტაპის დასაწყისია იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ასეთი ფაქტები ადრე არ ხდებოდა”, - განუცხადა კუკავამ ”ახალი ამბები - საქართველოს”.

”ეს ფაქტი ნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ქვეყანაში ახალი პოლიტიკის განხორციელებას იწყებს”, - მიიჩნევს კუკავა.

მისი თქმით, ”დაპირისპირება რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს და პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს შორის ნამდვილად არსებობს და ლუჟკოვის გათავისუფლების ფაქტმა ეს აჩვენა”.

”საქართველოსთვის აბსოლუტურად მისაღებია, თუ რუსეთში დემოკრატიული და გამჭვირვალე პროცესები განხორციელდება. რაც უფრო ღია იქნება რუსეთის პოლიტიკა, მით უკეთესი იქნება საქართველოსთვის. ჩვენ ეს კარგად უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ არსებული ხელისუფლების პირობებში ყოველივე ეს არარეალურად გამოიყურება”, - აღნიშნა კუკავამ.

კრემლის პრეს-სამსახურის ინფორმაციით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის მოსკოვის მერის თანამდებობიდან გადაყენების ბრძანებას ნდობის დაკარგვასთან დაკავშირებით. ”გადაყენებულ იქნას იური მიხეილის ძე ლუჟკოვი მოსკოვის მერის თანამდებობიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ნდობის დაკარგვასთან დაკავშირებით”, - აღნიშნულია ლუჟკოვის გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში. ლუჟკოვს დედაქალაქის მერის თანამდებობა 18 წელზე მეტ ხანს ეკავა. ის ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ორი საათით ადრე გაათავისუფლეს, სადაც მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატები მისთვის დაბადების დღის მილოცვას აპირებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0