საქართველოს პარლამენტში ლუჟკოვის გათავისუფლებას პუტინის და მედვედევის კონფლიქტად განიხილავენ

გამოწერა
ლუჟკოვის გათავისუფლებას საქართველოს პარლამენტში დეპუტატები აფასებენ, როგორც ნაბიჯს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს მედვედევსა და პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს შორის არსებულ წინააღმდეგობას უფრო აღმავებს.

 

თბილისი, 28 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის გათავისუფლებას საქართველოს პარლამენტში დეპუტატები აფასებენ, როგორც ნაბიჯს, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევსა და პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს შორის არსებულ წინააღმდეგობას უფრო აღმავებს, იუწყება ”ახალი ამბები - საქართველოს” საპარლამენტო კორესპონდენტი სამშაბათს.

”ლუჟკოვის გადაყენება - ეს მედვედევსა და პუტინს შორის კონფლიქტია, რადგანაც ლუჟკოვი პუტინის პოლიტიკური საყრდენი და ბიზნეს-პარტნიორია”, - მიიჩნევს ვიცე-სპიკერი ოპოზიციიდან ლევან ვეფხვაძე.

მისი თქმით, ”პოლიტოლოგებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ არის რაღაც პრობლემები მედვედევსა და პუტინს შორის, ახლა ზუსტად არ შემიძლია ვთქვა, იქ რა ხდება, მაგრამ ჩანს, მედვედევს უნდა საკუთარი თავი წარმოაჩინოს, როგორც პირი, რომელსაც აქვს ძალაუფლება და ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს”.

”ძალიან საინტერესო იყო ლუჟკოვის გუშინდელი განცხადება იმის თაობაზე, რომ საკუთარი ნებით არ გადადგება. ეს, ფაქტობრივად, გამოწვევა იყო, რომელზეც პასუხი მედვედევის მხრიდან მიიღო”, - განაცხადა ვეფხვაძემ.

”არ მინდა ამ თემით სპეკულირება, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთმა საკუთარი როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკა აუცილებლად უნდა შეცვალოს. საქართველოსთან მიმართებაში მან ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარი უნდა გაიყვანოს, შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, სხვაგვარად ეს ასევე დარტყმას მიაყენებს რუსეთის ფედერაციას და რუსეთის მოქალაქეებს დააზარალებს”, - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა.

”ესაა ბრძოლა ხელისუფლებისთვის. ყველამ იცის, რა პარტნიორული ურთიერთობები აქვთ პუტინს და ლუჟკოვს. და ეს ფაქტი მოწმობს, რომ ბრძოლა გამწვავდა. ვნახოთ, რა იქნება”, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ოპოზიციიდან, დევნილთა მოძრაობის ”ჩვენ თვითონ” ლიდერმა პაატა დავითაიამ.

კრემლის პრეს-სამსახურის ინფორმაციით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის მოსკოვის მერის თანამდებობიდან გადაყენების ბრძანებას ნდობის დაკარგვასთან დაკავშირებით. ”გადაყენებულ იქნას იური მიხეილის ძე ლუჟკოვი მოსკოვის მერის თანამდებობიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ნდობის დაკარგვასთან დაკავშირებით”, - აღნიშნულია ლუჟკოვის გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში. ლუჟკოვს დედაქალაქის მერის თანამდებობა 18 წელზე მეტ ხანს ეკავა. ის ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ორი საათით ადრე გაათავისუფლეს, სადაც მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატები მისთვის დაბადების დღის მილოცვას აპირებდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0