ლუჟკოვის მოშორებისას მედვედევი პუტინის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა - პოლიტოლოგი

გამოწერა
ქართველი პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ დაპირისპირება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევსა და პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს შორის მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

თბილისი, 28 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ქართველი პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ დაპირისპირება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევსა და პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს შორის მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ასეთი კომენტარი გააკეთა პოლიტოლოგმა ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში მედვედევის გადაწყვეტილების შესახებ მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

კრემლის პრეს-სამსახურის ინფორმაციით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის მოსკოვის მერის თანამდებობიდან გადაყენების ბრძანებას ნდობის დაკარგვასთან დაკავშირებით. ”გადაყენებულ იქნას იური მიხეილის ძე ლუჟკოვი მოსკოვის მერის თანამდებობიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ნდობის დაკარგვასთან დაკავშირებით”, - აღნიშნულია ლუჟკოვის გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში. ლუჟკოვს დედაქალაქის მერის თანამდებობა 18 წელზე მეტ ხანს ეკავა. ის ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ორი საათით ადრე გაათავისუფლეს, სადაც მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატები მისთვის დაბადების დღის მილოცვას აპირებდნენ.

”შეიძლება ველოდოთ, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ მედვედევი უფრო ძლიერი ფიგურა გახდება”, - მიიჩნევს საყვარელიძე. მისი თქმით, ლუჟკოვი პუტინის გარემოცვაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ფიგურად ითვლებოდა და ლუჟკოვის გარშემო ატეხილი აურზაური ექსპერტებმა მედვედევსა და პუტინს შორის დაპირისპირების ჯაჭვიდან ერთ-ერთი რგოლად  აღიქვეს.

”პუტინთან შეხვედრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ლუჟკოვის წინააღმდეგ კამპანია გაჩაღდა НТВ-ზე, ის (ლუჟკოვი) შვებულებაში გავიდა და განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამას, როგორც გამოჩნდა, არ დაეთანხმა მედვედევი და ლუჟკოვი გადააყენა”, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

მისი თქმით, ”დიდი ალბათობაა იმისა, რომ დაპირისპირება პუტინსა და მედვედევს შორის კიდევ უფრო ძლიერ ფაზაში გადაიზარდოს”.

 

ყველა ახალი ამბავი
0