ნათელაშვილი ევროპელ ექსპერტებს სააკაშვილის ინტერესების დაცვაში ადანაშაულებს

გამოწერა
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ევროკავშირს და ვენეციის კომისიას ”სააკაშვილის რეჟიმის” მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ორშაბათს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თბილისი, 20 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ევროკავშირს და ვენეციის კომისიას ”სააკაშვილის რეჟიმის” მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ორშაბათს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვენეციის კომისიის წევრები კორუმპირებულები არიან და ამ კომისიის დახმარებით მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ხელისუფლების გაძლიერებას გეგმავს”, - ირწმუნება ნათელაშვილი.

”სააკაშვილი, ეგრეთ წოდებული ახალი კონსტიტუციის პროექტის საშუალებით, საკუთარი ხელისუფლების გაგრძელებას აპირებს და პრეზიდენტის სავარძლიდან პრემიერ-მინისტრის სავარძელში გადაჯდება. ევროპის საბჭო და ვენეციის კომისია, პრაქტიკულად თვალს ხუჭავენ პრეცედენტზე, რომელიც საქართველოში დე-იურედ დიქტატურას დააკანონებს. ეს ორგანიზაციები სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებს არ იყენებენ”, - აღნიშნა ნათელაშვილმა.

ლეიბორისტების ლიდერის თქმით, მთელი პასუხისმგებლობა პროცესებზე, რომლებიც საქართველოში ამის გამო შეიძლება დაიწყოს და განვითარდეს, ევროპის საბჭოს და ვენეციის კომისიას ეკისრება.

ლეიბორისტების ლიდერი კონსტიტუციაში კატეგორიულად მოითხოვს ცვლილებების შეტანას, რომლებიც თავისი პარტიის მთავარი საბჭოს მიერ მომზადდა. ”ამ ცვლილებების თანახმად, პირს, რომელსაც ორი ვადის განმავლობაში პრეზიდენტის თანამდებობა უკავია, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის უფლება არ აქვს”, - აღნიშნა ნათელაშვილმა. 

ლეიბორისტების ლიდერმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ვენეციის კომისიის წარმომადგენლების ვიზიტის დროს ლეიბორისტულმა პარტიამ მათ კონსტიტუციაში ცვლილებების საკუთარი პროექტი გააცნო, მაგრამ ვენეციის კომისიის მხრიდან ამას მოჰყვა პასუხი, რომ ”ევროპულ სახელმწიფოებში ასეთი პუნქტები ან ჩანაწერები არ არსებობს”.

ლეიბორისტების ლიდერი სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ამ ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რომლის საშუალებითაც, ნათელაშვილის განცხადებით, ”სააკაშვილის რეჟიმის გაძლიერების თავიდან აცილებაა შესაძლებელია”.

”მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, დავიწყოთ ბრძოლა ამ ცვლილებების მიღებისთვის, რადგანაც დღეს საქართველო დიდი საშიშროების წინაშე დგას, რომელიც მას სააკაშვილისგან ემუქრება”, - განაცხადა ნათელაშვილმა.

გასულ კვირაში საქართველოში იმყოფებოდნენ ვენეციის კომისიის წევრები, რომლებმაც კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით შეხვედრები გამართეს საქართველოს ხელმძღვანელობასთან, ოპოზიციასთან, ასევე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან.

ყველა ახალი ამბავი
0