ოფიციალური თბილისი რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესიული გამონათქვამების შესახებ აცხადებს

გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე რუსეთის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ”აგრესიულ რიტორიკას” უწოდებს”.

თბილისი, 20 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გასულ კვირაში, ვაშინგტონში ვიზიტის დროს, ”აგრესიულ რიტორიკას” უწოდებს”. ამის შესახებ კალანდაძემ ორშაბათს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

რუსული მასმედიის ინფორმაციით, სერდიუკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავის დაჯგუფებებს არ გაზრდის. ”ორი რუსული სამხედრო ბაზა, რომლებიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში იმყოფება, და სამხედრო ძალები იქ - შეკავებისთვის საკმარისია. მათ გაძლიერებას არ ვგეგმავთ”, - განაცხადა სერდიუკოვმა. მინისტრის თქმით, რუსეთს აქვს გეგმები, რომლითაც გათვალისწინებულია ამ რეგიონში მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტები. სერდიუკოვის აზრით, იქ კრიზისული ვითარების გაჩენის შემთხვევაში, ეს კრიზისი ძალიან მცირე დროში გადაწყდება - არა ხუთ დღეში, როგორც ეს 2008 წელს იყო, არამედ უფრო ნაკლებ დროში.

”სამწუხაროდ, საქმე ასეთ აგრესიულ რიტორიკასთან გვაქვს”, - განაცხადა კალანდაძემ. 

”როდესაც რუსეთის წარმომადგენლები საქართველოს აგრესიის შესახებ საუბრობენ, ბუნებრივია, ყველამ იცის, რომ ეს აბსურდია და ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. საქართველოს არასდროს დაუგეგმავს და არც აპირებს ვინმეს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებას”, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, კალანდაძე ამ ფონზე საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივებს ვერ ხედავს.

”ხშირად ისმის საკითხი საქართველოს  რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მცდელობების შესახებ. მაგრამ ამ აგრესიული რიტორიკის ფონზე პროგრესი თეორიულადაც გამორიცხულია”, - განაცხადა კალანდაძემ.

მისი თქმით, ”მსგავსი აგრესიული რიტორიკა საქართველოს და მის სუვერენიტეტს ვერბალურად საფრთხეს უქმნის”.

”იმედი გვაქვს, რომ თუ რუსეთის მხრიდან აგრესიის მცდელობა იქნება, საერთაშორისო თანამეგობრობა დაკვირვებული იქნება და მისი მხრიდან ამას ადეკვატური რეაქცია მოჰყვება”, - განაცხადა კალანდაძემ.


ყველა ახალი ამბავი
0