რუსეთი ცდილობს, საბჭოთა კავშირი იყოს - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოწერა
ოფიციალური თბილისი საბჭოთა კავშირსა და ამჟამინდელ რუსეთს შორის განსხვავებას ვერ ხედავს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

თბილისი, 20 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ოფიციალური თბილისი საბჭოთა კავშირსა და ამჟამინდელ რუსეთს შორის განსხვავებას ვერ ხედავს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათს ბრიფინგზე საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ერვე მორენის განცხადების კომენტარისას.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ერვე მორენის განცხადებით, რუსეთისთვის სამხედრო გემ ”მისტრალის” მიყიდვა საქართველოს და რუსეთს შორის ძალთა ბალანსზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს. ამის შესახებ მორენმა გაეროს გენერალურ მდივანთან პან გი მუნთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე განცხადებით, ”მისტრალთან” დაკავშირებული გარიგება საქართველოს უსაფრთხოებას პრობლემას არ შეუქმნის. ერვე მორენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი - ეს უკვე საბჭოთა კავშირი აღარ არის და მისგან საფრთხე აღარ მოდის.

”ჩვენ ბევრი მიზეზი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ თუ რუსეთი დღეს საბჭოთა კავშირი აღარ არის, მის ამჟამინდელ ხელისუფლებას სურვილი აქვს, იყოს საბჭოთა კავშირი”, - განაცხადა კალანდაძემ.

მისი  აზრით, ”საკუთარი იმპერიალისტური მისწრაფებებისთვის რუსეთს ყველა მეთოდის გამოყენება შეუძლია, მათ შორის - ”მისტრალისაც”.

”სამწუხაროდ, საქაქრთველოს დამოკიდებულება გემ ”მისტრალის” გაყიდვის საკითხთან საფრანგეთის ბევრი ოფიციალური წარმომადგემლის მოსაზრებას არ ემთხვევა. ვფიქრობთ, რომ ”მისტრალი” საფრთხეს უქმნის საქართველოსაც და მთელს რეგიონსაც. ეს საქართველოსთვის არასასურველი ნაბიჯია”, - განაცხადა კალანდაძემ.

”ჩვენ ჩვენს პოზიციაზე ვდგავართ, რადგანაც ეს იარაღი შეიძლება რუსეთის ხელში მოხვდეს, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს უკონტროლოა და შეიძლება საერთაშორისო სამართალი დაარღვიოს, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლისა”, - აღნიშნა კალანდაძემ.

რუსეთი და საფრანგეთი გემ ”მისტრალის” გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომელსაც შეუძლია გემბანზე დატიოს ექვსი ვერტმფრენი, კორპუსის შიგნით - ოთხი სადესანტო კატერი ან ორი გემი საჰაერო ბალიშზე, ასევე დესანტის 450-მდე ადამიანი. საქართველომ რუსეთის მიერ ”მისტრალის” ყიდვასთან დაკავშირებულ გეგმებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

ყველა ახალი ამბავი
0