00:54 25 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ რუს პარლამენტარებს თბილისში, შეიძლება, პროვოკაციები დახვედროდათ

საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
0 0 0

რუსეთმა უარი თქვა თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული საკითხების და ადამიანის უფლებების კომისიის სხდომაში მონაწილეობაზე, რათა თავიდან აეცილებინა შესაძლო პროვოკაციები დელეგაციის წევრთა წინააღმდეგ, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ.

МИД РФ

თბილისი, 16 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. რუსეთმა უარი თქვა თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული საკითხების და ადამიანის უფლებების კომისიის სხდომაში მონაწილეობაზე, რათა თავიდან აეცილებინა შესაძლო პროვოკაციები დელეგაციის წევრთა წინააღმდეგ, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ.

16-17 სექტემბერს თბილისში დაგეგმილია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული საკითხების და ადამიანის უფლებების კომისიის სხდომა, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების დელეგაციის წევრებსაც. რამდენიმე დღით ადრე, 10 სექტემბერს ქართულმა მხარემ რუსეთის დელეგაციას აუწყა, რომ სახელმწიფო დუმის დეპუტატზე სერგეი მარკოვზე ვიზა არ გაიცემა, რადგანაც მან ”მოინახულა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე”.

”საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის დელეგაციის წევრების წინააღმდეგ შესაძლო ახალი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, ყველა რუსი პარლამენტარი იძულებული გახდა, უარი განეცხადებინა კომისიის სხდომაში მონაწილეობაზე. მათ წერილი გაუგზავნეს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს, სადაც აღნიშნეს, რომ ქართული მხარის მცდელობა, შექმნას მიუღებელი პრეცედენტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ორგანოების მუშაობაში, საქართველოში ევროპის საბჭოს ღონისძიების ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მანამ, სანამ თბილისი არ შეცვლის საკუთარ ანგაჟირებულ სავიზო პოლიტიკას”, - აღნიშნულია ნესტერენკოს კომენტარებში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ”ეჭვს არ იწვევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ნამდვილი მიზანი რუსული დელეგაციის მონაწილეობის ჩაგდებაა მითითებულ სხდომაში, თუნდაც თავისი საერთაშორისო ვალდებულებების საწინააღმდეგოდ”, - ნესტერენკოს განცხადების ციტირებას სააგენტო ”რია ნოვოსტი” ახდენს.

მისი აზრით, ”საქართველოს ხელისუფლების ზემოთ ნახსენები ქმედებები ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოთაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების ხაზით საერთოდ რაიმე ღონისძიების ჩატარების მიზანშეწონილობას”.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცა, თავი შეიკავონ საქართველოში ჩასვლისგან, რადგანაც იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდნენ თბილისის ნებართვის გარეშე, სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდებოდა.

ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ამჟამად აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე არსებული გამშვები პუნქტები უკანონოა.

საქართველო არანაირ პრობლემებს არ უქმნის რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ოფიციალურ სასაზღვრო პუნქტებს გადაკვეთენ, უფრო მეტიც, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში გამარტივებული სავიზო რეჟიმი მოქმედებს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ოფიციალურად დადგენილი პუნქტების გვერდის ავლით ცდილობენ, კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება, აღნიშნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა ითვალისწინებს ჯარიმის გადახდას, ან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

მთავარი თემები