სოხუმი საერთაშორისო დამკვირვებლების დაბრუნების გარშემო აწარმოებს თამაშს - იაკობაშვილი

გამოწერა
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი დარწმუნებულია, რომ აფხაზური მხარის განცხადება აფხაზეთის ტერიტორიაზე გაეროს საერთაშორისო დამკვირვებლების შესაძლო დაბრუნების შესახებ ”მეტყველებს იმაზე, რომ მათ რუსეთთან პირისპირ დარჩენის სურვილი არა აქვთ”, - განუცხადა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ოთხშაბათს.

 

თბილისი, 8 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი დარწმუნებულია, რომ აფხაზური მხარის განცხადება აფხაზეთის ტერიტორიაზე გაეროს საერთაშორისო დამკვირვებლების შესაძლო დაბრუნების შესახებ ”მეტყველებს იმაზე, რომ მათ რუსეთთან პირისპირ დარჩენის სურვილი არა აქვთ”, - განუცხადა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ოთხშაბათს.

”სპეკულაციები გაეროს მისიის გარშემო იმის ნიშანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აფხაზებს რუსებთან პირისპირ დარჩენა არ უნდათ. ამიტომ ისინი გამოსავალს ეძებენ იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ ტერიტორიაზე საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდეთ”, - განაცხადა იაკობაშვილმა.

გასულ კვირაში რუსულმა მასმედიამ გაავრცელა ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიებში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზური მხარე ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე, 14 ოქტომბერს წარადგენს ძალის გამოუყენებლობის თაობაზე შეთანხმების ახალ პროექტს, სადაც ერთ-ერთი ელემენტის სახით იქნება დამკვირვებლების განთავსება ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს.

”ეს სამშვიდობო ძალები არ იქნება. ეს შეიძლება იყოს სადამკვირვებლო საგუშაგოები - გაერო - ჩვენს მხარეზე, ევროკავშირი - ქართულ მხარეზე, რომლებიც დააფიქსირებდნენ ვითარებას და მოხსენებას წარადგენდნენ, თუ იქნება დაძაბულობის რაიმე ესკალაცია. ყოველ შემთხვევაში, მათ რომ ფართი ჰქონდეთ და ამ დარღვევების შესახებ მოხსენება შეეძლოთ”, - ჩირიკბას სიტყვების ციტირებას რუსული მასმედია ახდენს.

მისივე სიტყვებით, სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება, ამასთან, განიხილავს აფხაზეთის ტერიტორიაზე გაეროს პატარა მისიის განთავსების საკითხს, და ეს მისია სოხუმსა და თბილისს შორის შუამავლის როლს შეასრულებს.

”მას შემდეგ, რაც აფხაზურმა მხარემ ეს იდეა წამოაყენა, ვფიქრობ, რომ რუსეთი, რბილად რომ ვთქვათ, მათ დაემუქრა და ამის შემდეგ მათ საკუთარი სიტყვები უკან წაიღეს”, - განაცხადა თავის მხრივ, იაკობაშვილმა.

იაკობაშვილი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, ადრე თუ გვიან, ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებზე თავის მუშაობას განაახლებენ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ეუთოს მისიის  საქართველოში მუშაობის განახლების საკითხს საქართველოში ეუთოს გენერალური მდივნის მარკ პერენ დე ბრიშამბოს ოთხშაბათს, ერთდღიანი ვიზიტის მსვლელობისას განიხილავენ.

ყველა ახალი ამბავი
0