საქართველოში მსოფლიო ყოფილი ლიდერების დელეგაციის შემადგენლობაში კონდოლიზა რაისი ჩამოვიდა

გამოწერა
ორშაბათს საქართველოში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი მსოფლიო ყოფილი ლიდერების დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც 100-ზე მეტი ადამიანია, საქართველოში ზღვით შემოვიდა. გემი ბათუმის პორტში გამთენიისას შემოვიდა.

 

თბილისი, 6 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ორშაბათს საქართველოში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი მსოფლიო ყოფილი ლიდერების დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც 100-ზე მეტი ადამიანია, საქართველოში ზღვით შემოვიდა. გემი ბათუმის პორტში გამთენიისას შემოვიდა.

რაისი მაშინვე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისკენ გაემართა. ტელეკომპანია ”რუსთავი-2” აღნიშნავს, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რაისის საქართველოში ყოფნის პროგრამის დეტალები წინასწარ არ ხმაურდება. დაუდასტურებელი ონფორმაციით, ყოფილი სახელმწიფო მდივანი დღის განმკავლობაში ეწვევა გორს და იძულებით გადაადგილებული პირების კომპაქტურად ჩასახლების ადგილებს მოინახულებს, იუწყება ტელეკომპანია.

გუშინ რაისის საქართველოში ვიზიტის ორგანიზატორმა ტურისტული კომპანია ”კავკასუს ტრეველის” დირექტორმა მაია ხუბულურმა განაცხადა, რომ დელეგაცია საქართველოს ერთი დღით ეწვევა. ვიზიტი მიმდინარეობს მსოფლიო ლიდერების სიმპოზიუმის ”რუსეთი და შავი ზღვა” ფარგლებში, რომელიც 30 აგვისტოს დაიწყო და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ყოფილი მსოფლიო ლიდერების ოფიციალური ვებ-გვერდის World Leaders Travel მონაცემებით, დელეგაციის წევრები უკვე იმყოფებოდნენ რუსეთსა და თურქეთში. საქართველოში ვიზიტის შემდეგ კვლავ იგეგმება თურქეთში და რუსეთში ჩასვლა, ასევე ისინი ეწვევიან უკრაინას და სავარაუდოდ, აზერბაიჯანს. ტურნეს მსვლელობისას ყოფილი ლიდერები მონაწილეობენ დისკუსიებში აქტუალურ თემებზე, მათ შორის რეგიონის პოლიტიკური და კულტურული სირთულეების შესახე, რუსეთის გავლენის, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის, არსებული კონფლიქტების თაობაზე.

ორგანიზატორები არ აზუსტებენ დელეგაციის საქართველოში ყოფნის დეტალებს და ასევე, არის თუ არა დაგეგმილი შეხვედრები ოფიციალურ პირებთან.

ხუბულურის თქმით, დელეგაციის შემადგენლობაში არის აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი უილიამ პერი. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დელეგაციის შემადგენლობაშია სსრკ-ის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი, არ დასტურდება.

ყველა ახალი ამბავი
0