წლის დასაწყისიდან სახელმწოფომ უკვე 160 მილიონი ლარის ქონება გაყიდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
გამოწერა
პრივატიზაციის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კამპანიის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 150 ახალი ობიექტის აუქციონზე გამოტანა დაანონსდა, მიაჩნია ეკონომიკის მინისტრს.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. პრივატიზაციის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში 160 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა პრივატიზებული, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

საქართველოს მთავრობა აუქციონზე კიდევ 150-მდე სახელმწიფო ობიექტს გაიტანს>>

17-18 მაისს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასრულებულ ელექტრონულ აუქციონებზე ვაჭრობა 27 ლოტზე შედგა, რომელთა საწყისი ფასიც 39.207.800 ლარი იყო. ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დასრულებული აუქციონების საბოლოო შედეგმა 72.835.800 ლარი შეადგინა. აუქციონის შედეგად გაყიდული ქონების ღირებულება საწყის ფასთან შედარებით 86 პროცენტით გაიზარდა.

მიხაილოვის საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
საქართველოს მთავრობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქონებას წარმატებით ასხვისებს

„ძალიან მაღალი ინტერესის, კონკურენციისა და ვაჭრობის შედეგად 72 მილიონ ლარზე მეტი, პრაქტიკულად თითქმის გაორმაგებული ფასი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტმა“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 

ნათია თურნავას თქმით, 1 იანვრიდან დღემდე უკვე 160 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა პრივატიზებული და აქედან მიღებული თანხა სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის გადანაწილდება. 

მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით, დაბალი ბიზნეს-აქტივობის ფონზე, რაც ბუნებრივად იყო გამოწვეული იმ პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, მეორე კვარტალში ეკონომიკური აქტივობა საგრძნობლად გამოცოცხლებულია და ეს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგებზეც აისახა.

„დღევანდელი მდგომარეობით, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო ბიჯეტის გეგმა თითქმის 70%-იანი გადაჭარბებით შევასრულეთ. ასე რომ, პრივატიზაციის გეგმა ძალიან სწრაფად, წინსწრებით შესრულდება. რა თქმა უნდა, პრივატიზების გაცილებით უფრო დიდი პოტენციალი გვაქვს და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას ამასაც გავაცნობთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ. 

პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2019 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს. ის ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ჩატარებას და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას გამარტივებული პროცედურით.

ყველა ახალი ამბავი
0