ვიხსნათ ტურისტები შიმშილისგან - ქართველი ბიზნესმენები შეზღუდვების შერბილებას მოითხოვენ

© photo: Sputnikღვინის რესტორანი
ღვინის რესტორანი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
„კომენდანტის საათის“ მოხსნა, ტურისტული სეზონისთვის აქტიური მზადების დაწყება, რესტორნების ამუშავება უქმეებზე - ესაა ბიზნესმენების ძირითადი მოთხოვნები

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. საქართველოში მოქმედი 14 ბიზნეს-ასოციაცია მოითხოვს კოვიდ-შეზღუდვების მოხსნას და ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას.

„კომენდანტის საათის“ მოხსნა, ტურისტული სეზონისთვის აქტიური მზადების დაწყება, რესტორნების შაბათ-კვირას ამუშავება - ესაა ორგანიზაციების ხელმძღვანელების ძირითადი მოთხოვნები. გარდა ამისა, ბიზნეს-ასოციაციები მოითხოვენ ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას, მცირე და საშუალო ბიზნესზე საგადასახადო წნეხის შემცირებას, ასევე ქვეყანაში ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების შეწყვეტას.

  • 2021 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურებმა საქართველოში სულ 134,7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89,7%-ით ნაკლებია

„კომენდანტის საათის“ გამო, ძალიან ბევრი სტუმარი ჩვენთან ჩამოსვლაზე უარს ამბობს. რა თქმა უნდა, ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ საქართველოში ჩამოვიდნენ და საღამოს 9 საათზე რესტორანში არ წავიდნენ. მთავრია რეგულაციები შევიმუშაოთ, ვიცოდეთ როგორ ვმუშაობთ შემდეგი სეზონის განმავლობაში, მზად ვიყოთ ტურისტებისთვის ტურისტული პაკეტების შემუშავებისთვის. კითხვებს გვისვამენ და პასუხებს ვერ ვცემთ“, - განაცხადა „სასტუმროების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა.

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
ბექა ფერაძე: თვითნებურად გახსნის შემთხვევაში რესტორნები დაჯარიმდებიან

ბიზნეს-ასოციაციებს სურთ, რომ მათი ჩართვით შემუშავდეს კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ შეზღუდვების გარეშე ხორციელდებოდეს ბიზნესის ეფექტიანი მართვა იმგვარად, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ ზარალდებოდეს.

„ინიციატივის მიზანია, გვერდში დავუდგეთ მთავრობას, რათა ქვეყანამ ნაკლები დანაკარგით დაძლიოს ეკონომიკური პრობლემები. მთავრობამ არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადადგა, მათ შორის თქვენი უშუალო მონაწილეობითაც, დიდი შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ქვეყნის გახსნის პროცესი, რომელიც აუცილებელია ეკონომიკის გადარჩენისათვის, ნელი ტემპით მიდის. სხვადასხვა სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენელთა და ეპიდემიოლოგთა განცხადებები კი მიგვანიშნებს ქვეყნის ხელახალი „ლოკდაუნის“ საშიშროებაზე“, - ნათქვამია ბიზნეს-ასოციაციების განცხადებაში.

განცხადების ავტორების თქმით, საქართველოს ეკონომიკის განვითარება და ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო საფინანსო ვალდებულებების შესრულება მოხერხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბიზნეს-სექტორი, რომელიც ბიუჯეტის შევსების ძირითადი წყაროა, ფეხზე წამოდგება.

სიტუაცია რუსეთში კორონავირუსის გამო - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2020
„იმედი აღარაა“ - რუსული ტურისტული ფირმები ივლისის საგზურებს აუქმებენ

ისინი მოითხოვენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას და მას ექვსპუნქტიან გეგმას სთავაზობენ.

1. სასწრაფოდ გაუქმდეს „კომენდანტის საათი“

ეს მოთხოვნა აიხსნება იმით, რომ ქვეყანაში სამუშაო პროცესები წყდება ოთხი-ხუთი საათით ადრე, ამით ეკონომიკა ყოველდღე მილიონობით ზარალს იღებს.

2. დაიწყოს ტურისტული სეზონისთვის აქტიური მზადება.

იმისათვის, რომ ეროვნული ვალუტა გამყარდეს, უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს უცხოელი ტურისტების მიღება. მზადების გარეშე მნიშვნელოვანი რაოდენობის მიღებას ქვეყანა ვერ შეძლებს. სტუმარ-მასპინძლობის სექტორი განადგურებულია.

3. რესტორნების ამუშავება შაბათ-კვირას

ეპიდემიოლოგების მოთხოვნების დაცვის თვალსაზრისით, სარესტორნო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე მობილიზებული ბიზნესია. ამ ბიზნესის დაკეტვა იწვევს აბსოლუტურად უკონტროლო ჩრდილოვან ღონისძიებებსა და ქეიფებს კერძო სექტორში. პლუს, ტურისტი შაბათ-კვირას რჩება მშიერი.

4. დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი.

ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად გაძლიერდეს პროპაგანდა ვაქცინაციის დადებით შედეგებთან დაკავშირებით. დღევანდელი როგორც ვაქცინაციის პროცესი, ასევე პროპაგანდა არადამაკმაყოფილებელია.

5. შემცირდეს საგადასახადო წნეხი მცირე და საშუალო ბიზნესზე.

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც ყველაზე დაზარალებულია ამ კრიზისის დროს, უნდა მოექცეს სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ. ეს ეხება როგორც ზოგიერთი დარგების სუბსიდირებას, ასევე საგადასახადო წნეხის ან მოხსნას ან მინიმუმ შემცირებას.

6. შეწყდეს ქვეყანაში მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციის ტირაჟირება.

ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა წარმოუდგენელია პოზიტიური მესიჯებისა და დადებითი განწყობის გარეშე. მედიასაშუალებები, ისევე როგორც მთავრობა, დაკავებულია მხოლოდ უარყოფით მესიჯების გაჟღერებით: ეპიდსიტუაციაზე, ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარეობაზე, პოლიტიკურ სიტუაციაზე, ლარის კურსზე, მკვლელობები და ა.შ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0