თურნავა: თუ ინვესტორი ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, მას გადაცემული მიწა ჩამოერთმევა

© Sputnik / STRINGERნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
გამოწერა
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ვრცელდება მოსაზრება, თითქოს ამ მიწაზე თურქები უნდა ჩამოასახლონ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. „ნამახვანჰესი“ არა თურქული ან ნორვეგიული, არამედ ქართული ჰიდროელექტროსადგურია, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

მომიტინგეები ჰესის მშენებლობის ადგილთან - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სამშენებლო კომპანიის ოფისისკენ გზა გადაკეტეს

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის პროექტის წინააღმდეგ პროტესტი ექვსი თვის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მშენებლობის შეწყვეტას და თურქულ კომპანია ENKA-სთან გაფორმებული კონტრაქტის გაუქმებას მოითხოვენ. მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ ჰესი გარემოზე დამანგრეველ ზემოქმედებას მოახდენს. ხელისუფლება აცხადებს, რომ პროექტის ძირითადი სამუშაოები ექვსი თვით შეჩერდება, რათა პროექტის ხელახალი გადამოწმება მოხდეს, მაგრამ კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებს.

თურნავას განცხადებით, მიწა კომპანიისთვის უფასოდ არ გადაცემულა და ინვესტორი 830 მილიონ დოლარს იხდის.

„ინვესტორმა უკვე გადაუხადა 34 მილიონი ლარი 270 ადგილობრივ ოჯახს – თითო ოჯახს საშუალოდ 125 ათასი ლარი შეხვდა იმ მიწის სანაცვლოდ, რომელიც იურიდიულად სახელმწიფოს ეკუთვნოდა, მაგრამ ვინაიდან ეს ოჯახები იქ სახლობდნენ და საქმიანობდნენ, სახელმწიფომ მოითხოვა ამ კომპენსაციების გაცემა“, – განაცხადა თურნავამ. 

ნათია თურნავა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტებს და არასამთავრობო სექტორს შეხვდება - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
ნათია თურნავა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტებს და არასამთავრობო სექტორს შეხვდება

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მკაცრად გაკონტროლებული, მიზნობრივად გადაცემული მიწის რესურსი, რომელზეც ინვესტორს უფლება აქვს, მხოლოდ პროექტის მიხედვით ააშენოს ჰესის ნაგებობები.

„თუ ინვესტორმა ვერ შეასრულა თავისი ვალდებულებები და ვერ ააშენა შესაბამის ვადებში კონკრეტული სიმძლავრის ჰიდროსადგური, ან დაარღვია ნებართვით დაკისრებული უფლებები, მას ეს მიწა ჩამოერთმევა. ეს არის პირობადებული საკუთრება, რომლის საფასურიც ინვესტორმა გადაუხადა არა სახელმწიფოს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობას“, – აღნიშნა თურნავამ.

რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები ამ დრომდე არ წყდება. გუშინ აქტივისტებმა თურქული კომპანია „ენკას“ ბაზასთან მისასვლელი გზა გადაკეტეს და განაცხადეს, რომ კომპანია „ენკას“ მანქანებს არ გაატარებდნენ. სწორედ ამ კომპანიის მანქანების გამოჩენას მოჰყვა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება. პოლიცია გზის გათავისუფლებას შეეცადა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. შედეგად – სამართალდამცველებმა სოფელ გუმათში გამართული აქციის დროს ექვსი აქტივისტი დააკავეს. 

სპეცოპერაცია რიონზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2021
პოლიციამ „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა კარვების გატანა დაიწყო

მანამდე აქციის მონაწილეებს კარვები ჰქონდათ გაშლილი სოფელ ნამოხვანში, ორი დღის წინ კი პოლიციამ ეს კარვები აიღო და ნამოხვანისკენ გზა გადაკეტა. ამის შემდეგ მომიტინგეებმა კარვები სოფელ გუმათში გაშალეს, „ნამახვანჰესის“ სამშენებლო ტერიტორიიდან უფრო მოშორებით. მომიტინგეები მოითხოვენ, მიეცეთ შესაძლებლობა პროტესტი კვლავ ნამოხვანში გააგრძელონ.

პოლიციამ კარვების აღების მიზეზად რიონის მოსალოდნელი ადიდება დაასახელა, რაც მომიტინგეებს საფრთხეს შეუქმნიდა. გარდა ამისა, 10 აპრილს რიონში აქციის ერთ-ერთი მონაწილე გაუჩინარდა, რომლის სამძებრო სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს. პოლიციამ ისიც განაცხადა, რომ კარვები მათ საძიებო სამუშაოების განხორციელებაში ხელს უშლიდა.

პოლიციის თქმით, აქტივისტები კომპანია ENKA-ს თანამშრომლებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს – „ქვემო ნამახვანს“ და „ზემო ნამახვანს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%-ით გაიზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0