გახარია მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა: შეხვედრის შედეგები

© photo: Government of Georgia / FB გიორგი გახარია ბიზნესმენებს შეხვდა
გიორგი გახარია ბიზნესმენებს შეხვდა - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
გამოწერა
ბიზნესსფეროს წარმომადგენლებმა პრემიერისგან მიიღეს დაპირება, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა ორ კვირაში კოვიდშეზღუდვები კიდევ უფრო შერბილდეს.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტები არის ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები და ინვესტიციების ხელშეწყობა და ამ პროცესში ბიზნესის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრა, რომელშიც სხვადასხვა სფეროში მოქმედი მსხვილი ბიზნესის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც როგორც მთავრობის, ისე ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაიდგას, რათა პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე ქვეყანამ ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების პოტენციალი შეინარჩუნოს.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2021
თურნავა: „ბიზნესს არ ვურჩევდი ულტიმატუმის ენით საუბარს“

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგებზე და განაცხადა, რომ მოქმედი რეგულაციებით მიღწეულმა სტაბილიზაციამ ქვეყანას მისცა რესურსი, ფრთხილად, წესების დაცვით ეტაპობრივად აღადგინოს ტურიზმი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა.

გარდა ამისა, გახარიას თქმით, ქვეყანაში გაგრძელდება სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმები, გაიზრდება კაპიტალური ხარჯები, დაჩქარდება სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, ასევე სახელმწიფო საწარმოების სისტემური რეფორმა, რათა მათი მართვა უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს.

გიორგი გახარიამ მსხვილ დამსაქმებლებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზადყოფნა, პირადად ჩაერთოს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში და იყოს გარანტი, კანონის ფარგლებში ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი პრობლემური საკითხის უმოკლეს ვადებში გადასაჭრელად, მათ შორის პანდემიის გამო წარმოქმნილი სირთულეების ფონზე პროექტების შეუფერხებელი რეალიზაციის კუთხით.

საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ბიზნესმენებმა შეხვედრაზე დააყენეს საკითხი, რომ დარჩენილ შეზღუდვებზე ძალიან მალე მოხდეს მსჯელობა.

„ვფიქრობთ, ორ კვირაში ჩვენ იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები თანდათანობით გაუქმდეს. იყო თხოვნა და ეს ჩვენთვის გასაგებია, რომ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. კონკრეტულად, ეს ნიშნავს იმას, რომ ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებული მოთხოვნები ზედმიწევნით უნდა დავიცვათ“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
სპორტდარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
მეწარმეების სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე განაცხადების მიღება დაიწყო

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან კონსტრუქციული და საინტერესო შეხვედრა შედგა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ბიზნესის მნიშვნელობა გაცილებით გაზრდილია და ურთიერთობაში თავის თავზე პირადად იღებს ბევრ ვალდებულებას, რომ ხელშეწყობილი იყოს და ჩქარი ტემპით განვითარდეს. ერთი სიტყვით, პირველად ცხოვრებაში მე არაფერი მითქვამს, რადგან იმდენად კონსტრუქციულად წავიდა საუბარი, რომ დავიბენი...უნდა ვისაუბროთ, ერთობლივად რა შეგვიძლია, უფრო დიდი გავაკეთოთ სახელმწიფოსთვის, თორემ ბიზნესს, რომელიც თავის თავს ვერ უვლის, სახელმწიფო ვერ მოუვლის“, – განაცხადა ჭყონიამ.

„აიჯი დეველოპმენტის“ დამფუძნებლის, მინდია საბანაძის თქმით, მოტივირებულია მთლიანად ხელისუფლება და პრემიერი, რომ რაც შეიძლება სწრაფ რეჟიმში ამუშავდეს ეკონომიკა, თუმცა ეს  დადებითობის 4%-ზე არის დამოკიდებული.

„გადაადგილების შეზღუდვაზე იყო საუბარი, რომ გადაწეულიყო ერთი, ან ორი საათით მაინც. ამაზე მივიღეთ დაპირება, რომ დავაკვირდებით, მაქსიმუმ ერთი-ორი კვირის მანძილზე და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამის გარდა, იყო საუბარი იმაზე, რომ სხვა დარჩენილი ბიზნესი, როგორიც არის ბავშვთა გასართობი, ფიტნესები, რესტორნები, რაც შეიძლება მალე გაიხსნას“, - განაცხადა საბანაძემ.
ცარიელი კაფეები - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
რესტორნები გადაწყვეტილებას ცვლიან: 6 თებერვალს თვითნებურად გახსნა გადაიფიქრეს

საქართველოს მთავრობამ 28 ნოემბრიდან მოქმედი კოვიდ-შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება დაგეგმილ ვადაზე ადრე მიიღო. გაიხსნა ყველა სავაჭრო ობიექტი, ღია და დახურული ბაზრობები. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.  რესტორნები კლიენტების მიღებას ღია სივრცეებში 15 თებერვლიდან შეძლებენ.

თუმცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯერ ისევ იკრძალება სპორტდარბაზების, აუზების, გასართობი ცენტრების, კინოთეატრების, თეატრების მუშაობა. ძალაში რჩება შეზღუდვა სათხილამურო კურორტებზეც. ქვეყანაში კვლავ აკრძალულია ნებისმიერი მასობრივი ღონისძიების გამართვა. კვლავ არ მუშაობს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. მოქმედებს კომენდანტის საათი.

 

ყველა ახალი ამბავი
0