მორიგი ცვლილებები პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“: ვის ეხმარება ამჯერად სახელმწიფო

© Sputnik / STRINGERნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
სახელმწიფო რესტორნების, სპორტული ობიექტების, საბავშვო ბაღებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სესხების პროცენტის სუბსიდირებას მოახდენს ექვსი თვის განმავლობაში.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ განხორციელებული მორიგი ცვლილებები ამჯერად შეეხება ბიზნეს-ჯგუფებს, რომლებიც მეტად დაზარალდნენ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით, ან დიდი ხნით იყვნენ გაჩერებული, ან ჯერ კიდევ ვერ იწყებენ საქმიანობას, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე.

სარესტორნო ბიზნესის განცხადებებს დაუმორჩილებლობაზე მთავრობიდან უპასუხეს>>

სახელმწიფო რესტორნებს, სპორტულ ობიექტებს, საბავშვო ბაღებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს სესხების პროცენტის სუბსიდირებით ექვსი თვის მანძილზე დაეხმარება.

ცარიელი რესტორნები - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
„ყინული დაიძრა“ – რესტორატორები მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმებიან

სარესტორნო ბიზნესს აღებული სესხების პროცენტს 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო ახალი პირობებით დაუფინანსებს. კვების ინდუსტრიის წარმომადგენლები სესხების სუბსიდირების თაობაზე განაცხადის გაკეთებას 8 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით შეძლებენ.

თურნავას განცხადებით, მათ გადაწყვეტილება რამდენიმე ხნის წინ მიიღეს და დაიწყეს სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა სარესტორნო ინდუსტრიისთვის. ამ უკანასკნელთა მხრიდან დიდი ინტერესი გამოვლინდა და მთავრობას 2 ათასამდე რესტორანმა მიმართა. თუმცა გამოვლინდა გარკვეული ტექნიკური თუ იურიდული ნიუანსებიც, რამაც დაინტერესებული ობიექტებიდან ბევრს ხელი შეუშალა პროგრამაში ჩართვაში.

„ჩვენ გადავხედეთ ამას, გავაანალიზეთ და საკმაოდ სერიოზული შემსუბუქებით ვაცხადებთ უკვე განაცხადების მიღების მეორე ეტაპს, რომ ამ სექტორს 2020 წლის 1 დეკემბრამდე აღებული სესხების პროცენტი დავუსუბსიდიროთ“, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, პროგრამას, საბანკო სესხებთან ერთად, დაემატა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში აღებული სესხების სუბსიდირებაც და გაფართოვდა პროგრამის გავრცელებაც – თუ აქამდე სუბსიდირება შეეხებოდა 2020 წლის 1 მარტამდე აღებულ სესხებს, ახლა პროგრამა გავრცელდება 2020 წლის 1 დეკემბრამდე გაცემულ სესხებზეც, რადგან შემდგომშიც დასჭირდა კვების ინდუსტრიას დამატებითი სესხები, განსაკუთრებით საბრუნავი საშუალებები, რათა გადაეხადათ ხელფასები, გარკვეული საიჯარო ვალდებულებები, ქირა თუ სხვა აუცილებელი გადასახდელები.

დაკეტილი კვების ობიექტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
15 თებერვლიდან რესტორნები საქმიანობას განაახლებენ

მინისტრის განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ გადაიხედება თანაფარდობა ძირითადი საშუალებებისა და საბრუნავი საშუალებებისთვის აღებულ სესხებს შორის, რასაც თვითონ რესტორნებიც ითხოვდნენ. აქამდე პროგრამის ფარგლებში უპირატესობა ენიჭებოდა ძირითად საშუალებებს.

„ჩვენ ვიცით, რომ ახლა ეს თანაფარდობა ბევრ შემთხვევაში ირღვევა, რადგან უფრო მეტად საბრუნავი საშუალებები უჭირს ბიზნესს. ამიტომ თანაფარდობა იქნება – 50/50, ხოლო გარკვეული კატეგორიებისთვის, განსაკუთრებით ბოლო დროს აღებული სესხებისთვის, ეს საერთოდ ნულდება“, – განაცხადა მინისტრმა.

„მოთმინება გვმართებს“ – თურნავამ რესტორატორებს უპასუხა>>

სესხის სუბსიდირების პროგრამაში ჩართვას ასევე შეძლებენ სპორტული ობიექტები, საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა გავრცელდეს სპორტულ ობიექტებზე, საბავშვო ბაღებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე, რომ მათ დაუსუბსიდირდეთ როგორც ბანკის, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებული სესხის და ლიზინგის პროცენტი“, – აღნიშნა თურნავამ.

მეტრო - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში 8 თებერვლიდან: დეტალური ინფორმაცია

სპორტული ობიექტების შემთხვევაში, მინისტრის თქმით, პროგრამა მოიცავს ფიტნეს-ცენტრებს, საცურაო აუზებს, სპორტულ მოედნებს, სპორტულ დარბაზებს – საკმაოდ ვრცელია იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც დაკავებული არიან სპორტული აქტივობებით, ფლობენ მსგავს ობიექტებს და აქვთ სესხი, ან ლიზინგის პროცენტს იხდიან. მათ სესხის პროცენტი 80 პროცენტით დაუფინანსდებათ.

მინისტრის თქმით, ამ კატეგორიის ობიექტები ამ ეტაპზე ვერ განაახლებენ საქმიანობას.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება ამის გადახედვა, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს ამის საშუალებას, რადგან მცირეწლოვან ბავშვებზე გვაქვს საუბარი. ამიტომ ვითვალისწინებთ მათ მოთხოვნას და სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამას ვავრცელებთ საბავშვო ბაღებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზეც“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გადაწყვეტილია: მუნიციპალური ტრანსპორტი მთელ საქართველოში 8 თებერვლიდან ამოქმედდება

კორონავირუსის პანდემიამ და ამის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა საქართველოში სერიოზული პრობლემები შეუქმნა ბიზნესს. მთავრობა სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ამ პრობლემების შემსუბუქებას ცდილობს. ამჯერად ხელისუფლება ბიზნესს საბანკო ვალდებულებების მომსახურების მიმართულებით ეხმარება.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

ყველა ახალი ამბავი
0