თურნავა: „ენგურჰესის“ რემონტი მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის

© photo: Sputnik / Besik Pipia„ენგურჰესი"
„ენგურჰესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სარემონტო–აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში ჩატარდება, რათა „ენგურჰესმა“ დროულად განაახლოს ფუნქციონირება.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოში ყველაზე მძლავრი სადგურის – „ენგურჰესის“ რემონტის პროექტი მასშტაბურია და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

დერივაციული (ჰიდროტექნიკური) გვირაბის დაგეგმილი სამუშაოების გამო სადგური 20 იანვრიდან 1 მაისამდე არ იმუშავებს. გამოირთვება „ენგურჰესის“ ხუთივე აგრეგატი.

„ენგურჰესი“  - Sputnik საქართველო
ყველაზე მძლავრი სადგური – „ენგურჰესი“ 20 იანვარს მუშაობას შეწყვეტს

მასშტაბური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია თურნავამ ქვეყნის ენერგოსექტორის სახელმწიფო უწყებებისა და იმ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა, რომლებიც ჰესის რემონტის პროექტს განახორციელებენ.

„ენგურჰესი“ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი და იაფი ენერგიის წყაროა... მისი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის პერიოდულად აუცილებელია სადგურზე სარეაბილიტაციო–სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ამჯერად განხორციელდება საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები. ესაა გვირაბის ცემენტაცია, დალექილი ლამის გამოტანა, ელექტრომექანიკური ნაწილების შეკეთება–რეაბილიტაცია, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ სადგურის მიერ წყლის დანაკარგი შემცირდება, ელექტროსადგურის გამომუშავება კი მოიმატებს“, – განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, სარემონტო სამუშაოები უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში განხორციელდება, რათა დროულად ამუშავდეს ქვეყნის უმძლავრესი ჰესი.

თურნავა: საქართველოს ენერგოსისტემა ენგურჰესის გაჩერებით არ დაზარალდება>>

სარემონტო სამუშაოები „ენგურჰესზე“ ბოლოს 15 წლის წინ ჩატარდა. თურნავას განცხადებით, ჰიდროსადგურის მუშაობის უსაფრთხოებისთვის მისი გაჩერება აუცილებელია. ამისთვის კი ყველაზე ოპტიმალური დრო შეარჩიეს, როდესაც „ენგურჰესის“ წყლის რესურსები მინიმალურია.

ჟინვალის წყალსაცავი - Sputnik საქართველო
საქართველოს ენერგეტიკაში უახლოეს წლებში 1,3 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

რემონტის პროექტის სრული ღირებულება 45 მლნ ევროა. აქედან 7 მლნ ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილი თანხა.

„ენგურჰესი“ ყველაზე დიდი ჰესია კავკასიაში და ის საქართველოს ელექტროენერგიის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ამ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით მესამედი, ზამთარში კი მთლიანად აფხაზეთს მიეწოდება, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.

„ენგურჰესი“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ, ვარდნილჰესი №1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40 ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში ამ ტიპის დამბებს შორის, მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.

ყველა ახალი ამბავი
0