რესტორატორთა ასოციაცია: მიყენებული ზარალის გამო რესტორნების უმეტესობა დაიკეტება

© Sputnik / Alexander Imedashviliდაკეტილი რესტორნები და კაფეები
დაკეტილი რესტორნები და კაფეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სარესტორნო ბიზნესი ერთ-ერთია იმ სფეროებს შორის, რომლებიც მიმდინარე პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. თუ სარესტორნო ბიზნესი დროულად არ გაიხსნება, საბოლოოდ მათი დიდი ნაწილი განადგურდება, განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ ბრიფინგზე.

ბურჯანაძის ინფორმაციით, რესტორნის მეპატრონეთა დიდ ნაწილს ძალიან ბევრი ვალი აქვს დაგროვილი. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მათ გარკვეულ დახმარებას უწევს, ძალიან ბევრი ბიზნესი და რესტორანი იკეტება. 

მისი თქმით, თუ რესტორნები თებერვალამდე არ გაიხსნება, მათი უმეტესი ნაწილი ვეღარ შეძლებს ოპერირებას და დაიხურება.

„თუ ველოდებით დღეს არსებული რესტორნებიდან 50%-ის გახსნას, გაიხსნება მხოლოდ 10%, დანარჩენები ვერ შეძლებენ მუშაობის განახლებას. თუ ჩვენ ამ მდგომარეობით მივალთ 15 იანვრამდე, ალბათ გახსნის პრობლემა არ იქნება, მაგრამ თუ ახალმა შტამმა დაგვაზარალა ან გადაჭარბებულმა ლხინმა, ალბათ ძალიან სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ამ ერთი რესტორნის უკან არ დგას ერთი ადამიანი, ამის უკან დგას მასები და ვერც სახელმწიფო და ვერც ადამიანები თავის გადარჩენას ვერ შეძლებენ“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

როგორც რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, კომუნალურ გადასახადებზე სახელმწიფო სუბსიდიებმა ერთი წლით აარიდა კომერციულ სტრუქტურებს გაზის გაძვირება, ხოლო წყლისა და ელექტროენერგიის გაძვირება „წარმოუდგენელი რეალობაა ბიზნესისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სუბსიდირება მოხდა, რეალურად აქ არის პრობლემა: დანარჩენი ბიზნესი გაზრდილი ტარიფით გააძვირებს პროდუქციასაც“.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას სახელმწიფო თავის თავზე აიღებს

ბურჯანაძე ასევე პროგნოზირებს უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდასა და პროდუქციის გაძვირებასაც.

„წელს გვაქვს 7,7% ეკონომიკური ვარდნა, რაც ავტომატურად აისახება ფასებზე. ეს ხარჯის გაზრდა აკლდება მოგებას და ყველა ტვირთი მოდის მომხმარებელზე... თუ ერთი წლის შემდეგ ისევ კოვიდის პირობებში ვიქნებით, იქნება სავალალო მდგომარეობა“, — განაცხადა მან.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადის ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები და ა.შ.

მთავრობის გადაწყვეტილებით 24 დეკემბრიდან შეზღუდვები მინიმალურად შემსუბუქდა. დიდ ქალაქებში სპეციალური წესებით გაიხსნა სავაჭრო ცენტრები. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კი კვლავ ძალაში რჩება, გამონაკლისი მხოლოდ ახალ წელს და შობას დაიშვება.

ყველა ახალი ამბავი
0