გახარია: სამომხმარებლო მინიმუმი ყველამ დაივიწყოს

© Sputnik / STRINGERგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერის თქმით, გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება, მაგრამ საქართველო აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ლარის კურსის მერყეობით გამოწვეული ეფექტი შეაკავოს.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. სამომხმარებლო მინიმუმი, როგორც ეკონომიკური პარამეტრი, ყველამ უნდა დაივიწყოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პარლამენტმა ხუთშაბათს გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა.

„სამომხმარებლო მინიმუმი, როგორც ასეთი, ეკონომიკური პარამეტრი უკვე აღარ არსებობს, არ გამოიყენება არსად, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი, ერთადერთი ქვეყანა ჩვენ დავრჩით და ეს სამომხმარებლო მინიმუმი დასავიწყებელია. სამომხმარებლო კალათა ცოტა სხვა თემაა. სამომხმარებლო კალათა არის შეფასებითი ერთეული, რომელსაც საქართველოს „საქსტატი“ ადგენს და ამას უფრო მაკროეკონომიკური განზომილება აქვს“, – განაცხადა გახარიამ.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
მიქანაძე: სამთავრობო პროგრამა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაზეა ორიენტირებული

ამასთან მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამომხმარებლო მინიმუმი არანაირად არ უკავშირდება ლარის კურსის ცვლილებებს.

„ჩვენ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როგორც კი დღეს საქართველოში ლარის კურსი რამდენიმე პუნქტით უფასურდება, ამის სოციალურ ეფექტს თითოეული ჩვენი მოქალაქე გრძნობს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება, მაგრამ საქართველო აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ლარის კურსის მერყეობით გამოწვეული ეფექტი შეაკავოს.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ლარის კურსზე წნეხი მინიმუმამდე დავიყვანოთ და იქ, სადაც სახელმწიფოს აქვს ამის შესაძლებლობა, ჩვენს მოქალაქეებს მიზნობრივად, სოციალურად დავეხმაროთ“, – განაცხადა გახარიამ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გათვლებით, ნოემბერში სამომხმარებლო მინიმუმი იყო 189,5 ლარი. იმავდროულად კორონავირუსის პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის გამო ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით გაზაფხულიდან მოყოლებული ეროვნულმა ბანკმა რვა თვეში უკვე 25 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც ჯამში 843,2 მილიონი დოლარი გაყიდა. ლარის ანტირეკორდი 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტის კურსი დაეცა ნიშნულამდე 3,4842 GEL/$1.

 

ყველა ახალი ამბავი
0