საქართველოში ინვესტიციები შემცირდა: პროგნოზები და რეკომენდაციები

გამოწერა
2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგებია საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინასწარი შეფასებით, 2020 წლის მესამე კვარტალში 23,6%-ით შემცირდა (2019 წლის ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით) და 302,6 მილიონ დოლარს გაუტოლდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ განცხადებაში.

საქართველოში ინვესტირების მხრივ 2020 წლის მესამე კვარტალში ლიდერობენ დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და აშშ. ამ ქვეყნების კაპიტალდაბანდებების წილი ჯამში ინვესტიციების მთელ მოცულობაში 73,1%-ს შეადგენს.

ინვესტიციები საქართველოში ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის ივლისი-სექტემბერი - ლიდერთა სამეული

ქვეყანა მოცულობა, მლნ დოლარი ზრდა/შემცირება, %
დიდი ბრიტანეთი 117,7 45,3
ნიდერლანდები 79,3 50,8
აშშ 24,2 -35,3

ინვესტიციები ასევე შემოვიდა იაპონიიდან (15,6 მილიონი დოლარი), პანამიდან (14,6 მილიონი დოლარი), არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან (9,7 მილიონი დოლარი), ლუქსემბურგიდან (8,3 მილიონი დოლარი), თურქეთიდან (7,8 მილიონი დოლარი) , ჩეხეთიდან (5,6 მილიონი დოლარი), რუსეთიდან (5,3 მილიონი დოლარი) და სხვა ქვეყნებიდან.

რომელ დარგებში აბანდებენ

2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგებია საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა. ამ სფეროებში შემოსული თანხა 202 მლნ დოლარს შეადგენს – მთელი ინვესტიციების 66,8%-ს.

ინვესტიციები საქართველოში დარგების მიხედვით, 2020 წლის ივლისი-სექტემბერი - ლიდერთა სამეული

დარგი მოცულობა, მლნ დოლარი  ზრდა/შემცირება, %
საფინანსო სექტორი 128,3 20,4
ენერგეტიკა 37,1 -24,7
გადამამუშავებელი მრეწველობა 36,6 -27,2

ინვესტიციები ასევე ხორციელდება სხვა დარგებში: სამთო-მომპოვებელი მრეწველობა (31 მლნ დოლარი), უძრავი ქონება (20,6 მლნ დოლარი), კავშირგაბმულობა (14,9 მლნ დოლარი), სასტუმროები და რესტორნები (7,9 მლნ დოლარი), ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (2,7 მილიონი დოლარი), სოფლის მეურნეობა და თევზჭერა (1,6 მლნ დოლარი) და ა.შ.

პროგნოზები და რეკომენდაციები

კორონავირუსის პანდემიამ პრობლემები შექმნა ყველა თვალსაზრისით, არც ინვესტიციები და არც საქართველო გამონაკლისი არ არის, აღნიშნა ექსპერტმა საგარეო ეკონომიკურ საკითხებში გიორგი ღაღანიძემ.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა - Sputnik საქართველო
საქართველომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ახალ გზას მიმართა

მისი თქმით, ახლა როგორც ეპიდემიის გამოსწორების, ასევე ეკონომიკის აღდგენის მხრივ ძირითადი აქცენტი მომავალ გაზაფხულზე კეთდება. ამიტომ, დიდი ალბათობით, პირდაპირი ინვესტიციების ზრდას 2021 წლის მეორე კვარტლიდან უნდა ველოდოთ.

„ინვესტიციების ზრდა დამოკიდებული იქნება გლობალური ეკონომიკის მდგომარეობაზე. ვნახოთ, რა ეფექტს გამოიწვევს მსოფლიოში დაწყებული ვაქცინაციები. თუ პანდემიის დასრულების ნიშანი იქნება, ცხადია, ეკონომიკის გამოცოცხლება დაიწყება. ამ შემთხვევაში ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება. თუ ვაქცინამ ეფექტურობა არ აჩვენა, შედეგი იქნება ისეთივე, რაც წელს იყო", – განუცხადა ღაღანიძემ გაზეთ „რეზონანსს".

ექსპერტმა აღნიშნა, რომ პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა და ახლა მასზე ბევრია დამოკიდებული.

თბილისი - Sputnik საქართველო
ბიზნეს–ასოციაცია: აუცილებელია ეროვნული ბანკის აქტიური ჩარევა სავალუტო ბაზარზე

„განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ დარგებს, რომლებსაც აქვთ მაღალი საექსპორტო პოტენციალი საქართველოში. ესენია ის სფეროები, რომლებიც ფარმაცევტულ მრეწველობას უკავშირდება. მე ვურჩევდი საქართველოს მთავრობას, ქვეყანაში მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მოსაზიდად შეიმუშაოს სპეციალური პაკეტი გარკვეული წამლების ადგილობრივი წარმოებისთვის. მაგალითად, ინგლისში, სადაც ვაქცინაცია ტარდება, პრეპარატი ბელგიაშია წარმოებული. ამ დარგს დიდი პოტენციალი აქვს", – განაცხადა ღაღანიძემ.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წლის პირველ კვარტალში 41,7%-ით შემცირდა, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის წინასწარ მონაცემებთან შედარებით, და 165,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2020 წლის მეორე კვარტალში ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა 0,5%-ით 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით და 237,8 მლნ დოლარს გაუტოლდა.

ყველა ახალი ამბავი
0