გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდება

გამოწერა
პროექტის განხორციელების შედეგად საკურორტო ზონა 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებითა და წყალარინების ერთიანი ქსელით იქნება უზრუნველყოფილი.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. დაბა გუდაურის წყალმომარაგების პროექტის განსახორციელებლად 48 მლნ ლარი გამოიყოფა, ნათქვამია „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პროექტი კომპანიის დირექტორმა გიგა მანდარიამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ მენეჯერ ლევან კაკაბაძესთან ერთად მოსახლეობასა და კერძო სასტუმროების მფლობელებს გააცნო. 

ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო
ენერგო- და წყალმომარაგების ოპერატორების წილების გაყიდვას სახელმწიფო გააკონტროლებს

პროექტის ფარგლებში სრულად გამოიცვლება წყალარინების მოძველებული სისტემა, აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს. ასევე აშენდება რეზერვუარი, მოეწყობა ჭაბურღილები, 34 კმ-მდე საკანალიზაციო და 3 კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი.

„საკურორტო ზონაში მზარდი ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და დამსვენებლების გამო არსებული წყალმომარაგების სისტემები დამატებითი წყლის დებიტის შექმნას საჭიროებს, რათა ზამთრის სეზონზე გუდაურის სტაბილური წყალმომარაგება უზრუნველყოს“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად საკურორტო ზონა 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებითა და წყალარინების ერთიანი ქსელით იქნება უზრუნველყოფილი.

მიმდინარე წლის დასაწყისში ზამთრის ორ კურორტზე – გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემა წარმოიშვა. კურორტებზე აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები ტარდებოდა. როგორც მაშინ განმარტეს, გუდაურსა და ბაკურიანში წყლის პრობლემა თოვლის არარსებობით იყო გამოწვეული, რადგან დაიცალა რეზერვუარები, რომლებიც თოვლით ივსება.

გუდაურში წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია, ასევე წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდება.  

ყველა ახალი ამბავი
0