პანდემია და არჩევნები საქართველოში: რა ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით

© Sputnik / Vladimir Umikashviliვალუტის გაცვლის პუნქტი
ვალუტის გაცვლის პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პანდემია სერიოზულად აისახა ლარის კურსზე. ჯერ ნავთობის, ხოლო შემდეგ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი აისახა ვალუტის კურსზეც, რომელიც ანტირეკორდებს ამყარებს.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ეროვნული ბანკი განაგრძობს ვალუტის გაყიდვას. მორიგ აუქციონზე მან, ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით, კიდევ 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.

სავალუტო ბაზრის სტაბილიზებისთვის ნახევარ წელიწადში ეროვნულმა ბანკმა უკვე 12 აუქციონი ჩაატარა.

სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის ლოგო - Sputnik საქართველო
Fitch: საქართველოს ეკონომიკა იმაზე ნაკლებად დაეცემა, ვიდრე ამას ხელისუფლება ვარაუდობს

„სავალუტო ბაზარს ეროვნულმა ბანკმა უკვე მიაწოდა 380 მილიონი დოლარი. დღესაც 40 მილიონი დოლარის რესურსს გამოიტანს და გაყიდის ეროვნული ბანკი. არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ, ვფიქრობ, იმხელა დანაკლისის პირობებში, რაც საქართველომ განიცადა და ამავე დროს რეზერვების დაგროვების საშუალებით, წლის ბოლომდე ბაზრისთვის მიწოდებული თანხა 200 მილიონ დოლარზე მეტი იქნება“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

40 მლნ დოლარის გაყიდვის შემდეგ ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 3,1547 GEL/$1 შეადგინა.

„აშშ დოლარის მიმართ ლარი დაახლოებით 2%-ით არის გაუფასურებული. ზოგადად, მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი, სავალუტო ბაზარზე არის დროებითი დაძაბულობა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ დაძაბულობას ინფლაციასთან დაკავშირებით რამე მატერიალური შედეგი მოჰყვება. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი მანდატი ინფლაციაა“, – განაცხადა გვენეტაძემ.

როგორ იცვლებოდა ლარის კურსი არჩევნებამდე

  არჩევნებამდე 2 თვით ადრე არჩევნებამდე 1 კვირით ადრე
საპარლამენტო არჩევნები, 2016 წლის 8 ოქტომბერი 2,3060 GEL/$1 2,3297GEL/$1
ადგილობრივი არჩევნები, 2017 წლის 21 ოქტომბერი 2,4778 GEL/$1 2,4831 GEL/$1
საპრეზიდენტო არჩევნები, 2018 წლის 28 ოქტომბერი 2,6165 GEL/$1 2,7026 GEL/$1
გვენეტაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
ეროვნული ბანკი წელს ინტერვენციისთვის კრედიტების ან გრანტების სახით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მიღებულ ვალუტას იყენებს. თანხა საქართველოსთვის კორონავირუსის პანდემიის შედეგების გადალახვისთვის გამოიყო.
არის თუ არა სტაბილურობის საფრთხე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება.
„ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება. არაერთხელ დაამტკიცა სებ-მა პანდემიის პირობებში, რომ აქვს მზაობა, უზრუნველყოს ლარის კურსის სტაბილურობა; შოკებიდან გამომდინარე ყოველგვარი ზედმეტი გაუფასურება მოასწოროს და მის ბუნებრივ ნიშნულზე ამყოფოს ლარი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ინფლაციის დონე მცირდება, რაც იმედს იძლევა, რომ წლის ბოლომდე ის თავის მიზნობრივ დონეს – 3%-ს დაუბრუნდება.

სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო
რატომ „გარბის“ ლარი და ვინ „დაიჭერს" ეროვნულ ვალუტას?

ლარის სტაბილურობისთვის საფრთხეს ვერ ხედავს ასევე ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

„ვფიქრობ, არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ნეგატიური ტენდენცია უფრო გაღრმავდეს. ნეგატიური მოლოდინები, რა თქმა უნდა, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ლარის კურსზე და ინფიცირებულთა ზრდის პარალელურად შეიძლება გაჩნდა მოლოდინები, რომ მთავრობა საყოველთაო შეზღუდვებს მიმართავს, მაგრამ ღიად ვსაუბრობთ, რომ ეს არ მოხდება“, – განაცხადა თურნავამ.

ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ნიკა შენგელიამ „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ ეროვნული ბანკი არ ჩაერევა, ლარის კურსის ვარდნა გაგრძელდება.

მისი აზრით, ოქტომბრის დასაწყისისთვის ლარი 3,3 GEL/$1-მდე დაეცემა, თუ ეროვნული ბანკი არ ჩაერევა. თუმცა ეროვნულ ბანკს აქვს შესაძლებლობა, ლარის კურსი თუნდაც არჩევნებამდე შეაკავოს.

ხუთშაბათს ლარის კურსია 3,1547 GEL/$1. არჩევნებამდე ორი თვით ადრე კურსი შეადგენდა 3,0714 GEL/$1.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება.

ყველა ახალი ამბავი
0