ADB საქართველოს PCR–ტესტირებისთვის საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფს

© © Simon Dawson/Pool via REUTERSტესტი
ტესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის ტესტირებისთვის საჭირო აღჭურვილობის მოწოდებას უზრუნველყოფს კომპანია Roche Diagnostics Turkey, A.S.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს კორონავირუსის ინფექციაზე PCR ტესტირებისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად 440 ათასი ევროს ფარგლებში გრანტს გამოუყოფს, ნათქვამია ბანკის განცხადებაში. 

აზიის განვითარების ბანკმა ხელი მოაწერა კონტრაქტს სრულიად ავტომატიზებული მაღალი წარმადობის PCR–ტესტირებისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად, რომლის მიზანიც ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელების შეჩერების ღონისძიებების მხარდაჭერაა.

აღჭურვილობის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის მოწოდებას უზრუნველყოფს კომპანია Roche Diagnostics Turkey, A.S.

„საქართველომ გამორჩეულად წარმატებულად უპასუხა პანდემიის გამოწვევებს, ვირუსის გავრცელების შეჩერებისა და ყველაზე მეტად დაზარალებული შინამეურნეობებისა და ბიზნესის ხელშეწყობის გზით. ბანკის გრანტით შეძენილი აღჭურვილობა გაზრდის ქვეყანაში ტესტირების ჩატარების შესაძლებლობებს, რაც აუცილებელია ვირუსის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად, განსაკუთრებით კი შეზღუდვების ნელ-ნელა მოხსნის და ეკონომიკის აღდგენის პირობებში“, – განაცხადა ADB-ს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში შეინ როზენტალმა. 

თბილისი - Sputnik საქართველო
აზიის ბანკი საქართველოს პანდემიის შემდგომი კრიზისის დაძლევაში დაეხმარება

„მოხარული ვართ, რომ ახალი აღჭურვილობა დღეში 2 ათასი ტესტით გაზრდის ეროვნული ლაბორატორიის შესაძლებლობებს და შეამცირებს დიაგნოსტიკის ვადებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 

გრანტის თანხა დაემატება ADB-ს მიერ „COVID-19-ზე აქტიური რეაგირების და ხარჯვითი დახმარების“ (CARES) პროგრამის ფარგლებში 28 მაისს დამტკიცებულ 100 მილიონი დოლარის ოდენობის სესხს, რომელიც საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს მთავრობას და დააფინანსებს მის კომპლექსურ ანტიკრიზისულ გეგმას.

პროგრამა CARES საქართველოს დასახმარებლად

აზიის განვითარების ბანკის ფინანსური დახმარება მიმართული იქნება პროგრამის „COVID-19-ზე აქტიური რეაგირება და ხარჯვითი ნაწილი“ (CARES) მხარდაჭერისკენ. თანხები მოხმარდება პანდემიის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური პრობლემების შერბილებას, მოსახლეობის კეთილდღეობისა და მაკროეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ასევე მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც პანდემიისგან სერიოზულად დაზარალდნენ.

დაფინანსება მოიცავს ტურისტული სექტორის 4 ათასზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადასახადების გადავადებასა და მინიმუმ 2 ათასი მცირე და საშუალო სასტუმროსთვის კრედიტების სუბსიდირებას.  

გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს ანტიკრიზისული ბიუჯეტი დამტკიცებულია: როგორ გადანაწილდა თანხები

სესხი მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დაცვასაც მოხმარდება, რაც მოიცავს პანდემიის გამო სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ მყოფი 350 ათასი დასაქმებულის დროებით ფინანსურ დახმარებას; 250 ათასი თვითდასაქმებული მოქალაქის და 1,2 მილიონი ოჯახისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას. გარდა ამისა, ცხრა ძირითად პროდუქტზე ექვსი თვის მანძილზე ფასები ფიქსირებული იქნება.

აზიის განვითარების ბანკის პაკეტი (CARES) შეიქმნა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა პარტნიორებთან ერთად საქართველოში COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად კოორდინირებული მუშაობის ფარგლებში.

აზიის განვითარების ბანკის მიზანია აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებული, მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა. ამასთან, ის განაგრძობს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. ორგანიზაცია, რომელიც 1966 წელს დაარსდა, აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა. აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მხარს 2007 წლიდან უჭერს და მისი ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის დღემდე გამოყოფილი ვალების საერთო რაოდენობა 2,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0