კორონავირუსის ეპოქა: რას აწარმოებს საქართველო და ვინ ყიდულობს მის პროდუქციას

© Sputnik / Vladimir Umikashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზღვრებს გარეთ ადგილობრივი პროდუქციის გატანა საქართველოს ექსპორტისა და რეექსპორტის საერთო მოცულობის 72,3%-ს შეადგენს

თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. მსოფლიო ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიის გამო უდიდესი კრიზისის პირისპირ აღმოჩნდა. ეკონომიკის ზრდის ტემპები კატასტროფულად ეცემა მთელ მსოფლიოში, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები კი სულ უფრო პესიმისტურია.

პანდემიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა საქართველოსაც - კორონავირუსისგან დაზარალდა ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო, მათ შორის, ვაჭრობაც - საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის დასაწყისიდან 16,8%-ით შემცირდა 2019 წლის იანვარ-მაისთან შედარებით. 

მარწყვი - Sputnik საქართველო
ქართული მარწყვი და მოცვი ამერიკის ბაზრისკენ დაიძრა

Sputnik-საქართველო დაინტერესდა, რას აწარმოებს საქართველო კორონავირუსის პანდემიის პირობებში, რომელი ქვეყნები ყიდულობენ ქართულ პროდუქციას კრიზისის პერიოდში და როგორ არის შესაძლებელი ექსპორტის წახალისება.

რას აწარმოებს საქართველო

საქართველოში საქონლის ფართო ასორტიმენტი იწარმოება — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, ოქრო, თხილი და სხვ.

კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ოპერაციების შესუსტების ფონზე საქართველოდან ღვინის ექსპორტის მოცულობა, „საქსტატის“ მონაცემებით, იანვრიდან მაისამდე 11,3%-ით შემცირდა.

ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა, მხარში დაუდგეს დარგს ამ რთულ მომენტში და წელს 60 მილიონი ლარი გამოყოს რთვლის სუბსიდირებისთვის.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ განაცხადა, რომ სუბსიდია ალბათ მხოლოდ „რქაწითელის“ ჯიშის ყურძენზე გავრცელდება.

„ექსპორტის ძირითადი ნაწილი წითელ ღვინოზე მოდის და ამ მიმართულებით ჩვენ ალბათ არ დაგვჭირდება ჩარევა. დიდი იმედი გვაქვს, რომ „საფერავის“ ჯიში თავისუფალ ბაზარზე გაიყიდება“, - განაცხადა მეხუზლამ „პირველი არხის“ ეთერში.

სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ყურძნის იშვიათი ჯიშები, რომლებიც მეტ-ნაკლებად პოპულარულია და კარგად იყიდება, ასევე არ იქნება სუბსიდირებული.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
მიმზიდველი პირობები: რას სთავაზობენ უცხოურ კომპანიებს საქართველოში

 „სუბსიდია, შეიძლება ითქვას, აუცილებელი იქნება „რქაწითელისთვის“, - განაცხადა მეხუზლამ.

საქართველოდან ექსპორტით გადის ასევე რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, ბოსტნეული და ხილი, მათ შორის, პომიდორი, კარტოფილი, ხახვი, ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი, მწვანილი, მანდარინი, ვაშლი, მსხალი და ატამი.

მსოფლიო ბაზარზე პოზიციების გამყარებას, პანდემიის მიუხედავად, გეგმავენ თხილის ექსპორტიორებიც და კეთილსაიმედო კლიმატური პირობების შემთხვევაში, ივლისის ბოლოსთვის მოსავლის ასაღებად ემზადებიან.

მაისიდან ივნისამდე თხილის მწარმოებლები, როგორც წესი, გეგმებს ათანხმებენ და პროგნოზს ადგენენ ახალი სეზონისთვის, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს 50 ათას ტონას მიაღწევს.

 „მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით, წელს უკეთეს ვითარებას ველით. თავის მხრივ, საერთაშორისო ბაზარს საუკეთესო ხარისხიანი თხილით მოვამარაგებთ. მოსალოდნელია, რომ ბოლო წლებში ყველაზე დიდი და ყველაზე ხარისხიანი მოსავალი გვექნება“, - განუცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილმა „რეზონანსს“.

წინასწარი შეფასებით, თხილის მოსავალი თურქეთში 2020 წელს 620 ათას ტონას შეადგენს, რაც 15%-ით ნაკლებია შარშანდელ მაჩვენებელზე - საქართველოსთვის ეს მსოფლიო ბაზარზე პოზიციების განმტკიცების კარგი შესაძლებლობაა.

რომელი ქვეყნები ყიდულობენ ქართულ პროდუქციას კრიზისის დროს

ყურძენი - Sputnik საქართველო
როგორ დაეხმარება სახელმწიფო მევენახეებს რთვლის დროს

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა ქართულ ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა. „საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-მაისში საქართველოდან 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 16,2%-ით ნაკლებია. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე წლის დასაწყისიდან 4%-ით შემცირდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.

როდესაც საერთაშორისიო ორგანიზაციების ანგარიშები სულ უფრო პესიმისტური ხდება, ჩვენ ზრდის მოლოდინი შეიძლება გვქონდეს, აღნიშნა ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტმა, პროფესორმა იოსებ არჩვაძემ.

„ბუნებრივია, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი პანდემიისგან დაზარალებულთა შორის. ჩვენ სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს მსოფლიოს 130 ქვეყანასთან და თუ იქ მოთხოვნილება კლებულობს, ბუნებრივია, ეს ჩვენზეც აისახება. საქართველომ მოიგო ბრძოლა ერთ სამედიცინო ფლანგზე და ეს უნდა გადავიტანოთ ეკონომიკაზე, თუმცა აქ ვითარება საკმაოდ დრამატულია“, - განუცხადა არჩვაძემ „რეზონანსს“.

მისი სიტყვებით, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნები ძალიან ცუდი სცენარისთვის ემზადებიან და ამბობენ, რომ 2019 წლის მაჩვენებლებს მომავალ წელსაც ვერ დაუბრუნდებიან, რომ არაფერი ითქვას 2020 წლის მეორე ნახევარზე.

„ჩვენ, ტრადიციულად, შეგვიძლია იმ პროდუქციის გატანა, რომელიც მეზობელ ქვეყნებში პოპულარულია და რაზეც მოთხოვნილება არსებობს. საერთო ჯამში, ყველაფერი გლობალურ ეკონომიკაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა არჩვაძემ.

სატვირთო ავტომობილების რიგი ზემო ლარსზე - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო ვაჭრობა: ექსპორტი და იმპორტი კვლავ ეცემა

კრიზისის დროს ქართულ პროდუქციას ყიდულობდნენ ჩინეთი, რუსეთი, ბულგარეთი, თურქეთი და უკრაინა.

იმ ქვეყნების ათეულში, სადაც პანდემიის დროს საქართველოდან საქონელი გადიოდა, შედიან ასევე შვეიცარია, აშშ, ესპანეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. ყველა ეს ქვეყანა, ესპანეთისა და შვეიცარიის გარდა, საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.

როგორ ებრძვის მთავრობა კრიზისს

კორონავირუსის პანდემია საქართველოს ეკონომიკისა და მთავრობის წინაშე ახალ ამოცანებს სახავს - ხელისუფლებამ იმპორტის ჩანაცვლების ამბიციურ გეგმებზე ისაუბრა. ამიტომ სოფლის მეურნეობის დარგებისა და ფერმერების დახმარება პრიორიტეტი გახდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფიქრობს, რომ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა ის დარგია, რომელსაც გარკვეული მიმართულებით არა მარტო ქვეყნის გამოკვება შეუძლია, არამედ საექსპორტო პოტენციალიც გააჩნია. ამისათვის კი საჭიროა სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია.

სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამა მიმართულია ფერმერული მეურნეობების განვითარებისკენ, რომლებიც ფლობენ რეგისტრირებულ მიწას. პროგრამის წყალობით, 200 ათასამდე ფერმერი უკვე სარგებლობს დამატებითი შეღავათებით.

რთველი რაჭაში - Sputnik საქართველო
პრემიერმა მევენახეებს მიმართა - სახელმწიფო არ დაგივიწყებთ

დღეს ქვეყანაში შემდეგი სახელმწიფო პროექტები ხორციელდება: შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, საწარმოების თანადაფინანსება, აგროდაზღვევა, მომავლის დანერგვა, საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაში ფერმერების ხელშეწყობის პროექტი, ქართული ჩაი. ზოგიერთი მათგანი კრიზისთან დაკავშირებით შეიცვლება.

ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ გარკვეული, მით უფრო, ამბიციური გეგმების ხორცშესასხმელად ძირფესვიანი ეკონომიკური რეფორმები უნდა გაატაროს.

„იმისათვის, რომ იფიქრო იმპორტის ჩანაცვლებაზე, ექსპორტის სტიმულირებაზე, საჭიროა, პირველ რიგში, მაკროეკონომიკური მონაცემების მოწესრიგება, მაკროეკონომიკური რეგულირება, ამას კი ჯერ ცენტრალური ბანკის ფულადი-საკრედიტო პოლიტიკისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა სჭირდება“, - განუცხადა სოსო სიმონიშვილმა Sputnik-საქართველოს.

მისი სიტყვებით, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, როგორი საექსპორტო პოტენციალი გაგაჩნია, და მაგალითის სახით მოიშველია იაპონია, რომელსაც წიაღში არაფერი აქვს: „ის ყველაფერს ყიდულობს, გადაამუშავებს, აქცევს ბრწყინვალე პროდუქტად და ყიდის“.

ეკონომისტს მიაჩნია, რომ თუ მთავრობა სახელმწიფოსა და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვას არ დაიწყებს, ყველა მისი წამოწყება წარუმატებელი იქნება.

„თუ ხელში არ ავიღებთ მაკროეკონომიკის ბერკეტებს, ვერავითარ პროგრესს ვერ მივაღწევთ“, - აღნიშნა სიმონიშვილმა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოსთვის ყველაფერი შეცვალა

როგორ შეიძლება ექსპორტის წახალისება?

ექსპორტის წახალისება შესაძლებელია, თუ საქართველოს ეკონომიკა 2020 წლის იანვრის დონეს დაუბრუნდება, რომელზეც ის პანდემიის საინფორმაციო ფონის დაწყებამდე იმყოფებოდა, ფიქრობს საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის ვიცეპრეზიდენტი ნიკა შენგელია.

„ჩვენი აზრით, იმ მაჩვენებლებს, რომლებიც პანდემიამდე გვქონდა, ქვეყანა დაუბრუნდება, სავარაუდოდ, თუ ასე გაგრძელდება, მომავალი წლის ამ პერიოდისთვის. მანამდე, არა მგონია, დაბრუნება შევძლოთ. დაველოდოთ ივნისის მაჩვენებლებს, რათა დავინახოთ, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიო ეკონომიკაში და აქედან გამომდინარე ნათელი გახდება, რა გველის უკვე შემოდგომასა და ზამთარში“, - განუცხადა შენგელიამ Sputnik-საქართველოს.

იმისათვის, რომ ექსპორტი პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს დაუბრუნდეს, საჭიროა ნიშის პოვნა საერთაშორისო ბაზარზე, ფიქრობს ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი აკაკი ცომაია.

„საკუთარი კონკურენტუნარიანობით ჩვენ ნიშას ვერ ვიპოვით, ამიტომ უნდა მოვიზიდოთ უცხოელი ინვესტორები. მათ მოსაზიდად კი საჭიროა სწორი ინსტიტუციონალური რეფორმები... მათი დახმარებით, მათთან მოლაპარაკების გზით შევძლებთ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას და გარკვეული ნიშის დაკავებას. სხვა შემთხვევაში, პერსპექტივა არ გვაქვს“, - განუცხადა ცომაიამ Sputnik-საქართველოს.

მისი სიტყვებით, ეკონომიკა არ ვითარდება მხოლოდ პომიდორის, მწვანილისა და ფერადი ლითონის ექსპორტის ხარჯზე.

„ჩვენი განვითარების გზა ეფუძნება მაღალი ტექნოლოგიების პროდუქციის წარმოებას. ამისათვის კი საჭიროა უცხოური ინვესტიციები“, - განაცხადა ცომაიამ.

ყველა ახალი ამბავი
0