სატვირთო ავტომობილების მძღოლებს ქვეყანაში შემოსვლისას კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება

გამოწერა
თუ მიზნობრივი ტესტირების შედეგად მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდება, მას ცხელების ცენტრში გადაიყვანენ და PCR ტექნოლოგიით ტესტირების მიზნით შესაბამის ბიოლოგიურ მასალას აუღებენ.

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების (გარდა სატრანზიტო მძღოლებისა) მიმართ ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის ახალი წესები დამტკიცდა, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, შესაბამისი რეგულაციები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა.

საქართველოს საზღვრებზე მძღოლებს კორონავირუსზე სპეციალურ ვაგონოთახებში გამოიკვლევენ>>

ახალი რეგულაციების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მძღოლებს (როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლებს) ჩაუტარდებათ მიზნობრივი ტესტირება ანტიგენზე და ანტისხეულზე. პროცედურა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე, საზღვაო ნავსადგურსა და საბაჟო კონტროლის ზონებში განთავსებულ სპეციალურ სამედიცინო პუნქტებში.

სატვირთო - Sputnik საქართველო
COVID-19: საქართველოში ე.წ. იმპორტირებული შემთხვევები მატულობს?

მიზნობრივი ტესტირების შედეგად ახალი კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში მძღოლს შესაბამის ცხელების ცენტრში გადაიყვანენ, სადაც განხორციელდება შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება მისი სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერიზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტექნოლოგიით ახალ კორონავირუსზე ტესტირების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო კონტროლის ზონაში ტესტირების შედეგად არ გამოვლინდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა და საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლი არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას შესაბამისი ტესტირებიდან 72 საათის განმავლობაში, აღნიშნული მძღოლი ექვემდებარება სავალდებულო საკარანტინო სივრცეში განთავსებას.

უწყების ცნობით, მძღოლს შეუძლია საკარანტინო სივრცის დატოვება მხოლოდ ახალი, განმეორებითი ტესტირების შემდეგ. აღნიშნული ტესტირება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მძღოლის, მისი დამსაქმებლის, შესაბამისი იმპორტიორის/ექსპორტიორის ან სხვა დაინტერესებული პირის სახსრებით.

გახარია: სატრანზიტო გადაზიდვების მძღოლები ყველაზე მაღალი რისკის შემცველი არიან>>

თუ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლი დაარღვევს ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის  წესებს, ის დაჯარიმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 843 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 697, გარდაიცვალა 13 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0