საგანგებო მდგომარეობის პირობებში მომუშავე საწარმოებში ინსპექტირება იწყება

გამოწერა
საწარმოები გაკონტროლდება ინტენსიურად და მოსალოდნელია, რომ ინსპექტორები დღის განმავლობაში 50-მდე ობიექტს შეამოწმებენ, აღნიშნა მინისტრმა.

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. ყველა კომპანია, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მუშაობის უფლება აქვს, შემოწმდება COVID-19-ის გავრცელების პირობებში უსაფრთხოების ახალი წესების დაცვაზე, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

21 აპრილიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მოქმედებს. დროებით დახურულია სავაჭრო ობიექტები, მათ შორის, აგრარული ბაზრები. მუშაობის უფლება აქვთ: აფთიაქებს, სურსათის მაღაზიებს, ზოომაღაზიებს, საწყობებს, ცხოველების ბაზრებს, სასუქების მაღაზიებს, ავტოგასამართ სადგურებს.

ობიექტებს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის, ასევე მუნიციპალური ინსპექციების თანამშრომლები შეამოწმებენ.

კარანტინი. დეზინფექცია - Sputnik საქართველო
კარანტინის ზონები: სად არის დაშვებული მუშაობა და როგორ ხდება პროდუქტებით მომარაგება

„ვიწყებთ დღეიდან ამ შემოწმებებს, პერიოდულად გავაშუქებთ კიდევაც რომელი საწარმო როგორ ასრულებს. ასევე თუკი ჩვენ რამე გამოგვეპარება, თვითონ დასაქმებულები იქნებიან მთავარი ინდიკატორები და ცხელ ხაზზე მოგვახსენებენ, თუ რომელიმე საწარმო არღვევს რომელიმე გაიდლაინს, წესს და ჩვენ რა თქმა უნდა, სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, მთავრობის ამოცანა არის ამ პროცესში არა დასჯა, არამედ ბიზნესის დახმარება, რომ რაც შეიძლება მალე გადაეწყონ ახალ, პოსტკორონასეულ ეტაპზე და იყვნენ სრულიად უსაფრთხო და შეძლონ თავისუფლად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა.

„ვიწყებთ შემოწმებას იმ სისტემური საწარმოებისას, ვისაც მიეცათ უფლება ფუნქციონირების. ეს მათ აკისრებს დამატებით პასუხისმგებლობას. დავიწყებთ მსხვილი საწარმოებიდან შემოწმებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მითითებული წესი არის დაცული და იქ საქმიანობა უსაფრთხოა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავას განცხადებით, საწარმოთა კონტროლის პროცესი ინტენსიური იქნება და ინსპექტორები, სავარაუდოდ, დღეში 50-მდე ობიექტს შეამოწმებენ.

პარალელურად იწყება ასევე იმ კომპანიების შემოწმება, რომლებსაც დროებით შეუჩერდათ მუშაობის უფლება.

მაღაზიაში - Sputnik საქართველო
კარანტინი საქართველოში: ვის აქვს მუშაობის უფლება კარანტინის დროს

დღესდღეობით ქვეყანაში მუშაობას აგრძელებენ საცხობები, სასაკლაო და სხვა საკვები პროდუქტების საწარმოები, ცივი შენახვის კვების საწარმოები, ცხოველთა საკვების საწარმოები და საკვების დისტრიბუტორები, ვეტერინარული კლინიკები, პირუტყვის ფერმები, ლაბორატორიები.

პროდუქტის, საკვებისა და მედიკამენტების გარდა, აკრძალულია ყველა სხვა სახის პროდუქციის მიწოდება.

კვების ობიექტებში - კაფე-ბარებსა და რესტორნებში - კერძების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ გამოწერით.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 188 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 39 გამოჯანმრთელდა, ორი გარდაიცვალა. კარანტინში იმყოფება 4735 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ - 386 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0