პრემიერის თვალით დანახული ანტიკრიზისული გეგმა

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენ ვალდებული ვართ, დავეხმაროთ ჩვენს სოციალურ ჯგუფებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ და დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა, განაცხადა პრემიერმა.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. მთავრობის ამოცანაა – ეკონომიკის მცირე შესაძლებლობების პირობებში მაქსიმალურად უზრუნველყოს დახმარება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

კორონავირუსის გავრცელების გამო სერიოზული ზარალი ნახა ეკონომიკის ისეთმა სფეროებმა, როგორიცაა ტურიზმი, დასვენებისა და გართობის სფეროები, ასევე ტრანსპორტი და ვაჭრობის ნაწილი. ამასთან, ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანებიდან ბევრი უმუშევარი დარჩა.

გახარია: კორონავირუსთან ბრძოლა - ეს არის ომი უხილავ მტერთან>>

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ეკონომიკის შესაძლებლობები შეზღუდულია. უაღრესად დიდი პასუხისმგებლობაა დღეს გუნდსა და ხელისუფლებაზე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი მწირი შესაძლებლობები გამოყენებულ იქნას მაქსიმალურად რაციონალურად და სამართლიანად. ჩვენი ამოცანაა, რომ ის რესურსი, რომელსაც ქართული ეკონომიკა გენერირებს, მსგავს კრიზისულ მდგომარეობებში ჩვენი მოქალაქეების, ეკონომიკისა და ბიზნესის დასახმარებლად, მაქსიმალურად რაციონალურად გამოვიყენოთ“, – განაცხადა გახარიამ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

ტურიზმის სექტორის დახმარება ჯერ არასაკმარისია

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ დროისთვის უცნობია, როდის დამთავრდება კრიზისი და ამისთვის გუნდს, როგორც ნებისმიერ პასუხისმგებლიან ხელისუფლებას, აქვს გეგმა – ვის და როგორ დაეხმაროს არსებული რესურსებით და როგორ მოემზადონ მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარებისთვის.

თბილისის ჰიპერმარკეტში - Sputnik საქართველო
უმუშევრობა და კომუნალურები: როგორ განაწილდება ბიუჯეტი

პრემიერმა აღნიშნა, რომ, მიუხედავად ტურისტული სექტორის დასახმარებლად მთავრობის მიერ გატარებული ზომებისა, აშკარაა, რომ ეს საკმარისი არაა.

მისი თქმით, დღეს უკვე გასაგებია, რომ რასაც აქამდე ვხარჯავდით, არაა საკმარისი და ასეთი დახმარებით ეს სექტორი სამ თვეში ვერ აღდგება.

სწორედ ამიტომ გადაწყდა მოქალაქეების კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლება.

„მსგავსი ნაბიჯი არის სოციალური მხარდაჭერის ყველაზე სამართლიანი სტრუქტურა. მესმის, რომ იდეალური არაფერი არ არსებობს, ხარვეზები ყველა შემთხვევაში არის, თუმცა, ახლაც კი გვაქვს მოლაპარაკებები, რომ უფრო უზრუნველყოფილმა ადამიანებმა უარი თქვან ამ შეღავათებზე უფრო გაჭირვებულების სასარგებლოდ“, – განაცხადა გახარიამ.

ამას გარდა, მან აღნიშნა, რომ ვინც უკვე გადაიხადა მარტის თვის გაზისა და ელექტრენერგიის საფასური, ეს არ დაიკარგება და მათ ანგარიშზე აისახება.

პრემიერის განცხადებით, ხელისუფლებას მოუწევს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ დაადგინოს, ვინ დარჩა უმუშევარი კრიზისის პერიოდში, თუმცა დახმარება მხოლოდ საბოლოო სიების შედგენის შემდეგ იქნება.

გახარია: მოსახლეობის ნაწილს სამი თვის კომუნალური გადასახადები სრულად დაუფინანსდება>>

„ჩვენ ვმუშაობთ და ასეთი დახმარება იქნება მაშინვე, როდესაც ასეთი შესაძლებლობა ექნება ქართულ ეკონომიკას და შესაბამისი მონაცემები გვექნება, როგორც კი ზუსტად დავადგენთ ბიუჯეტს, წყაროებს, დაზარალებული ადამიანების სიებს, ვნახავთ საშემოსავლო გადასახადებში რა შემცირებებია და კონკრეტულად ვინ მიიღო პირდაპირი ზარალი, ვინ დაკარგა შემოსავალი“, – განაცხადა გახარიამ.

თანხების წყაროები

პრემიერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ვალდებულია დაეხმაროს სოციალურ ჯგუფებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ და დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა, მაგრამ ეს სერიოზულ თანხებთან არის დაკავშირებული.

„სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო წლის დასაწყისში დაახლოებით 14 მილიარდი ლარის დონეზე, შემოსავლების ნაწილს ვგულისხმობ, დასულია დაახლოებით 11 მილიარდზე“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ახლა ბიუჯეტში სერიოზული ეკონომია მიმდინარეობს.

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერი: საგანგებო მდგომარეობა გამკაცრდა – გამოცხადდა კარანტინი და კომენდანტის საათი

„არ ვსაუბრობ მიმდინარე ხარჯებზე, რომლის კონტროლიც უმკაცრეს რეჟიმშია გადასული და მიმდინარე ხარჯებში სახელმწიფო წლის ბოლომდე მოახდენს რამდენიმე ასეული მილიონის ეკონომიას. მიმდინარე ხარჯების გარდა, რამდენიმე ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტი და საბიუჯეტო ხარჯებია, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ წლის ბოლომდე აზრს დაკარგავს. ისეთები, როგორიც არის, მაგალითად, Check in Georgia, რომელიც ორიენტირებული იყო ტურიზმის განვითარებაზე. რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი, სისტემურების გარდა, რომლებიც ძირითადად ტურიზმის მოზიდვის ხასიათს ატარებდა“, – განაცხადა პრემიერმა.

გახარიამ აღნიშნა, რომ საჭირო იქნება ხარჯების გადახედვა როგორც თბილისში, ისე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართულებით. ასევე, ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა გეგმები სხვადასხვა ოლიმპიადის, სპორტული და კულტურული ღონისძიებების მიმართულებებით, მაგრამ მთავრობას დღეს სხვა ამოცანები აქვს.

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის დასახმარებლად ორი მილიარდი ლარი გამოყო

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო პარტნიორებთან და აქ დიდი რესურსების მოზიდვის შესაძლებლობაა.

„საიდან შეიქმნა ეს თანხა – პირველ რიგში, ეს არის ის ეკონომიები, რომელიც აბსოლუტურად გასაგები და ობიექტურია... გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ძალზე მჭიდრო და აქტიური კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მოვიზიდოთ დამატებითი რესურსები და აქაც საკმაოდ ეფექტურად ვმოქმედებთ. უახლოეს პერიოდში გვექნება კონკრეტული შედეგები“, – განაცხადა პრემიერმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 117 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელდა 23, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5437 პირი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 260 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0