ხელისუფლება საქართველოს რკინიგზის გაყიდვას არ აპირებს

გამოწერა
საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა გასულ წელს 9 პროცენტით გაიზარდა და ხელისუფლება მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა კომპანია „საქართველოს რკინიგზის" საპრივატიზაციოდ გატანას არ აპირებს, მაგრამ გეგმაში აქვს მისი ეფექტურობის გაზრდა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

„საქართველოს რკინიგზამ" ახალი სატრანზიტო ტვირთები მოიზიდა>>

სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" ამჟამად როგორც სარკინიგზო გზების, ისე სარკინიგზო შემადგენლობების მფლობელია და თავად ადგენს მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის ტარიფებს. უფრო ადრე იმის თაობაზე, რომ კომპანია შეიძლება გაიყიდოს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

„პირდაპირ გეტყვით, რომ რკინიგზის პრივატიზებას მთავრობა არ გეგმავს, მსგავსი რამ არ განიხილება. რაზეც იყო საუბარი ფინანსთა მინისტრის მხრიდან, ეს არის ძირითადად რეფორმა, რესტრუქტურიზაცია, რომელიც აუცილებლად უნდა გატარდეს, მათ შორის რკინიგზასთან მიმართებით", – განაცხადა თურნავამ.

საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 9%-ით გაიზარდა.

საწარმოს ტვირთბრუნვამ 2012 წელს 20,1 მილიონი ტონა შეადგინა, ამის შემდეგ კი ყოველწლიური კლება დაიწყო. შედეგად – 2018 წელს ტვირთბრუნვის მაჩვენებელმა 10 მლნ ტონას მიაღწია. გასულ წელს, პირველად ბოლო წლების განმავლობაში, ის 10,8 მილიონ ტონამდე გაიზარდა.

რკინიგზა - Sputnik საქართველო
საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა ბოლო შვიდ წელიწადში პირველად გაიზარდა

საქართველოს რკინიგზის მონაცემებით, ტვირთბრუნვის ზრდა განაპირობა როგორც ვაგონებით გადაზიდვის, ისე საკონტეინერო გადაზიდვების ზრდამ. გარდა ამისა, 2018 წლიდან საქართველოს რკინიგზა ახორციელებს ხორბლისა და ქვანახშირის გადაზიდვებს ყაზახეთიდან. კერძოდ, საკონტეინერო გადაზიდვები გაიზარდა 39%-ით და 78,9 ათასი TEU შეადგინა, ხოლო მოგების ზრდამ საკონტეინერო გადაზიდვებიდან 43%-ს მიაღწია.

საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხელისუფლება ამ მხრივ მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს. ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, „აბრეშუმის გზის" შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა ავტომაგისტრალი აღმოსავლეთი-დასავლეთი, რკინიგზის მოდერნიზაცია, სარკინიგზო განშტოება ბაქო-თბილისი-ყარსი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

ყველა ახალი ამბავი
0