მცხეთაში მერძეული და მეხორცული მიმართულების მესაქონლეობის ფერმა აშენდა

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიფერმა
ფერმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფერმაში ამჟამად 150 დეკეული და 45 სული მერძეული მაღალპროდუქტიული - ჰოლშტეინის ჯიშის ძროხაა, რომელიც ფერმერმა ბელორუსიდან ჩამოიყვანა

თბილისი, 16 თებერვალი - Sputnik. მცხეთის მუნიციპალიტეტში ფერმერმა გიორგი ბერიშვილმა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, მერძეული და მეხორცული მიმართულების მესაქონლეობის ფერმა - „საგურამოს ფერმა“ ააშენა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გიორგი ბერიშვილის ფერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მცხეთა- მთიანეთის რეგიონის რწმუნებულთან, შალვა კერესელიძესთან ერთად დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.

ფერმის ასაშენებლად 3,2 მლნ ლარი დაიხარჯა, საიდანაც 1,4 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 60 ათასი  ლარი პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმე“ ფარგლებში მიღებული გრანტი.

„სახელმწიფო ეხმარება და, ამავე დროს, მჭიდროდ თანამშრომლობს ფერმერებთან იმისთვის, რომ მივიღოთ უფრო პროდუქტიული საქონელი, გაიზარდოს მეურნეობების რაოდენობა და ადგილობრივი ბაზრისთვის შეიქმნას მეტი პროდუქტი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ბელარუს და ესტონელ კოლეგებთან, იმისთვის, რომ საქართველოში შემოვიყვანოთ მაღალპროდუქტიული, ჯანსაღი პირუტყვი და ფერმერული მეურნეობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას შევუწყოთ ხელი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ფერმაში ამჟამად 150 დეკეული და 45 სული მერძეული მაღალპროდუქტიული ჯიშის (ჰოლშტეინი) ძროხაა, რომელიც ფერმერმა ბელორუსიდან ჩამოიყვანა.

სამინისტროს ინფორმაციით, სამომავლოდ ფერმერი ესტონეთიდან დამატებით საქონლის შემოყვანას გეგმავს. ფერმერმა პირველად განახორციელა საქართველოში ანგუსის ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სადედე ჯგუფის იმპორტი.

მეურნეობაში 11 ადგილობრივია დასაქმებული; წარმოებული პროდუქცია კი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 16 ახალი საწარმო გაიხსნა, მათ შორისაა რძის და ხილის გადამმუშავებელი საწარმოები და სასათბურე მეურნეობები.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

პროგრამა  „ერთიანი აგროპროექტი" რამდენიმე ნაწილისგან შედგება – წარმოებისა და პროდუქციის გადამუშავების ხელშეწყობა, მის რეალიზაციაში დახმარება, აგროსექტორის დაზღვევის სისტემის განვითარება, ჩაის წარმოების ხელშეწყობა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება.

 

ყველა ახალი ამბავი
0