ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დავა სასამართლოში გაგრძელდება?

გამოწერა
ხელისუფლება მზადაა მოისმინოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენელთა მოსაზრებები კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე, განაცხადა მინისტრმა.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან", რომელსაც დასავლეთ საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აეშენებინა, მხარეებს შორის შესაძლო საარბიტრაჟო სასამართლო დავასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ანაკლია - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება ანაკლიის პორტისთვის ახალ ინვესტორს ეძებს

საქართველოს მთავრობამ 9 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება და საბოლოოდ გაწყვიტა საინვესტიციო შეთანხმება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან", რომელმაც 2019 წლის დეკემბერში მეშვიდედ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება და მთავრობისთვის ბანკებთან საკრედიტო შეთანხმებების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა. ამის შემდეგ ხელისუფლება ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ახალი სატენდერო წინადადებების მომზადების პროცედურებს შეუდგა. მინისტრის განცხადებით, შეთანხმების გაწყვეტა მოხდა ყველა დადგენილი წესის გათვალისწინებით და მისი აღდგენა შეუძლებელია. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" კი, თავის მხრივ, საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

„პირველ რიგში, უნდა მოვისმინოთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" კონკრეტული წინადადება, რაში ხედავს რესურსს და რა შეთავაზება აქვს იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება ავცდეთ საარბიტრაჟო პროცესს. სახელმწიფო და მთავრობა კი არ მიდის არბიტრაჟზე, ეს კონსორციუმის მიერ დაანონსებული გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი სიტყვებით, ამ დროისთვის საკითხი კონსორციუმთან ჯერ არ განხილულა.

ანაკლიის პორტის მშენებლობა - Sputnik საქართველო
ანაკლიის მომავალი პორტის ტერიტორიიდან სამშენებლო ტექნიკა გაჰყავთ

„კონსორციუმთან ჯერ შეხვედრა არ გვქონია. მივიღეთ შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ არ ეთანხმებიან მთავრობის პოზიციას. ეს უკვე პრაქტიკულად წინასაარბიტრაჟო პროცესია, სადაც იუსტიციის სამინისტრო ჩაერთვება აქტიურად და, რა თქმა უნდა, გვექნება კომუნიკაცია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან". ვიდრე არ მოვისმენ კონკრეტულ მოსაზრებებს – თვითონ როგორ გვთავაზობენ თავისი პრეტენზიების დაკმაყოფილებას, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით, რა თქმა უნდა, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ", – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალი აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.

საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ამასთან ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი მცირე სიღრმე – ამ დროისთვის მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.

ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, 2018 წლის ივლისში კი დაიწყო მუშაობა ფსკერის 16 მეტრამდე ჩასაღრმავებლად. ამჟამად პორტის მშენებლობა გაჩერებულია.

ყველა ახალი ამბავი
0