სჯობს თუ არა გვიან, ვიდრე არასდროს?... ანუ ეროვნული ბანკის ვერდიქტი...

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბანკი პოლიტიკას ამკაცრებს... რეფინანსირების განაკვეთი კიდევ ერთი პროცენტით გაიზარდა... შეაჩერებს თუ არა კობა გვენეტაძის უწყების გადაწყვეტილება ლარის გაუფასურებასა და ინფლაციას... როგორ აისახება რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ეკონომიკურ პროცესებზე?

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიას, გასული კვირის, ჩემივე პუბლიკაციიდან ერთი ამონარიდით დავიწყებ. „ბოლო დროს გამოიკვეთა, რომ კობა გვენეტაძის უწყება ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოიაზრებს“... შეხსენება რა საჭიროა? − შესაძლოა, ჩამეძიოთ. საპასუხოდ კი განვმარტავ, რომ სწორედ მაშინ, როცა მკითხველს ჩემეულ შეფასებას ვუზიარებდი, ეროვნულმა ბანკმა, თავისი მორიგი გადაწყვეტილებით, დაადასტურა ნათქვამი.

გიორგი გახარიას შეხვედრა ბიზნესმენებთან - Sputnik საქართველო
დახურულ კარს მიღმა... ანუ რას ითხოვს ბიზნესი ხელისუფლებისგან?..

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის ამჯერად ერთი პროცენტული პუნქტით, ახლა უკვე, 8.5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. არადა, მკითხველს შევახსენებ, რომ მიმდინარე წელს ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე ეროვნულ ბანკს ერთხანს არ უზრუნია. საინტერესოა, ბოლო დროს რამ გამოიწვია პოზიციის შეცვლა? მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყო. კობა გვენეტაძის უწყებამ რეფინანსირების განაკვეთი 4 და 25 სექტემბერს ერთი პროცენტული ერთეულით, 7.5 პროცენტამდე გაზარდა. „ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება ინფლაციის მკვეთრი ზრდის გამო მიიღო“, − ასეთი იყო ოფიციალური პოზიცია, რომელიც მედიას კობა გვენეტაძემ გააცნო. რა შეიცვალა მას შემდეგ? სავარაუდოდ, არაფერი, მეტიც, ვითარება კიდევ უფრო გართულდა.

თბილისი - Sputnik საქართველო
საბანკო არითმეტიკა... პესიმისტური პროგნოზი და სარფიანი შედეგი...

სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ უკვე 6.4 პროცენტი შეადგინა და ის საგრძნობლად გასცდა მიზნობრივ მაჩვენებელს. ეროვნული ბანკის ანალიტიკოსთა შეფასებით, ინფლაციაზე კვლავაც უარყოფითად აისახება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება. როგორია პროგნოზი? „მიმდინარე წელს ინფლაცია მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება. შემცირებას მომავალი წლის მარტში დაიწყებს და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება“, − ნათქვამია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დოკუმენტში. აქვე აღნიშნულია, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მიზნად ისახავს გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას და ის მომავალშიც გაგრძელდება.

ლოგიკურია, რომ ეროვნული ბანკის შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება, რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა. კობა გვენეტაძის უწყებაში ვარაუდობენ, რომ მაკროეკონომიკის პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნების პარალელურად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ხელს შეუწყობს ლარის გაცვლითი კურსის გამყარებას, რაც საშუალოვადიან პერიოდში უზრუნველჰყოფს ინფლაციის სასურველ დინამიკას. 

თბილისი - Sputnik საქართველო
სანდო ქვეყნის იმიჯი, პოზიტიური პროგნოზი და გაურკვეველი მოლოდინი...

„ეროვნული ბანკი მომავალში დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, − გვპირდება კობა გვენეტაძის უწყება. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.

ერთი სიტყვით, გადაწყვეტილება მიღებულია და შედეგის მოლოდინის წამზომიც ჩართულია. შეაჩერებს თუ არა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეროვნული ვალუტის გაუფასურებასა და ინფლაციას?

ხელისუფლება აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება აუცილებელი იყო, თუმცა დაგვიანებული... პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უფრო ადრეც კი უნდა დაეწყო. ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ლარის გაუფასურება ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ინფლაცია გასცდა მიზნობრივ მაჩვენებელს, სექტემბრის თვის მონაცემებით, 6.4 პროცენტია. ინფლაციის ზრდა იწვევს ფასების მატებას, არადა სწორედ, ფასების არასტაბილურობაა ის მთავარი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. როგორც პარლამენტარი ვარაუდობს, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, სავალუტო ბაზარზე პოზიტიურად საშუალოვადიან პერიოდში აისახება. ლარი გამყარების ტენდენციას დაიჭერს, რასაც ბუნებრივია, ინფლაციურ პროცესებზე დადებითი გავლენა ექნება.

თბილისი - Sputnik საქართველო
რა იცვლება შენების წესებში... გამარტივდება თუ არა რეგულაციები?

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი პარლამენტარის პოზიციას იზიარებს და ეთანხმება მოსაზრებას, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მიმართულებით, ნაბიჯების გადადგმა ადრეც იყო შესაძლებელი. ეკონომისტის, სოსო არჩვაძის თქმით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე კობა გვენეტაძის უწყებას, ჯერ კიდევ, მიმდინარე წლის დასაწყისიდან უნდა ეზრუნა. მისივე შეფასებით, ამ შემთხვევაში ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იქნებოდა და არც ფასების სტაბილურობას შეექმნებოდა საფრთხე... თუმცა, ხომ ნათქვამია, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“... რაც შეეხება შესაძლო შედეგს, ანალიტიკურ წრეებში ყველანი თანხმდებიან, რომ მხოლოდ ეროვნული ბანკი პრობლემას ვერ გაუმკლავდება. საჭიროა მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეთანხმებული მოქმედება, რამაც პირველ რიგში მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებას და ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის ზრდას უნდა შეუწყოს ხელი. ანალიტიკოსის, დემურ გიორხელიძის თქმით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში მაკროეკონომიკური პარამეტრები, გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ექსპორტი მატულობს, იმპორტი იკლებს, შესაბამისად, სულ უფრო მცირდება საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი სალდო, მზარდია ტურისტული ნაკადიც  და უცხოეთიდან ფულადი გზავნილებიც.  გამონაკლისია, უცხოური ინვესტიციები. ის რამდენიმე წელია მცირდება და მთავრობამ, პირველ რიგში, სწორედ სასურველი საინვესტიციო გარემოს ფორმირებაზე უნდა იზრუნოს, რაც რამდენიმე მიმართულებას მოიაზრებს...

თბილისი - Sputnik საქართველო
სექტემბრის ორი „რეკორდი“, ანუ რატომ ძვირდება ცხოვრება?

ეკონომიკურ პარამეტრებზე დავიწყეთ საუბარი და ურიგო არ იქნება დავინტერესდეთ, როგორ აისახება რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ზოგადად ეკონომიკურ პროცესებზე? შესაძლოა, მავანთ გაუკვირდეთ, მაგრამ ფაქტია, სახელისუფლებო გუნდი აღიარებს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე უარყოფითი გავლენა ექნება. ეს კი მიმდინარე საბიუჯეტო პროცესს დამატებით, სერიოზულ, გამოწვევას უქმნის... პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით პროგნოზირებული ხუთპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა რეალობად იქცეს. პარლამენტარის მოსაზრებით, რეფინანსირების განაკვეთის ზრდით გამოწვეული სესხების გაძვირება, უთუოდ ნეგატიურად აისახება მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაზე.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და მანაც დაადასტურა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას. გიორგი გახარიას თქმით, ასეთია მაკროეკონომიკის ლოგიკა... „თუმცა რა თქმა უნდა, ინფლაციაც გამოწვევა ეკონომიკისთვის. ეროვნულ ბანკს აქვს საკუთარი მანდატი და მან უნდა იმოქმედოს. ჩვენი პოზიციაა − მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილები და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
გაძვირებული სესხები და ეკონომიკური სტაგნაციის საფრთხე...

ამასობაში, ანალიტიკოსმა, პაატა შეშელიძემ, „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკას შიდა ვალების გაზრდისკენ და სპეკულაციური მოგებისკენ მივყავართ. „რეფინანსირების ვალებს კომერციული ბანკები ფინანსთა სამინისტროსთან ერთად იღებენ. ისინი სავარაუდოდ, ეროვნულ ბანკთან გარიგებაში არიან. რამოდენიმე ბანკს, მსხვილ ჯგუფს საკმაოდ დიდ შემოსავლიანი წყარო აქვთ. “, - აცხადებს პაატა შეშელიძე. მისი თქმით, რესურსი არაგონივრულად გამოიყენება, ფულადი მასა იზრდება. რაც გაცვლით კურსზე ნეგატიურად აისახება.

მძიმე ბრალდებაა, თუმცა რამდენად საფუძვლიანი, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი ვიყოთ მოლოდინის რეჟიმში... სჯობს თუ არა გვიან, ვიდრე არასდროს?!

       

ყველა ახალი ამბავი
0