რთველი-2019: კახეთში ყურძნის გადამუშავებამ 200 ათას ტონას გადააჭარბა

გამოწერა
კახეთში ყველაზე მეტი „რქაწითელისა“ და „საფერავის“ ჯიშის ყურძენია გადამუშავებული.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. კახეთში ღვინის საწარმოებში თავისი მოსავალი უკვე 20 ათასმა მევენახემ ჩააბარა - მთლიანობაში ეს 205 ათასი ტონა ყურძენია, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე.

ამ დროისათვის გადამუშავებულია 126 ათასი ტონა „რქაწითელის“ ჯიშის ყურძენი, 67 ათასი ტონა „საფერავი“, დაახლოებით 5 ათასი ტონა „კახური მწვანე“. დანარჩენი კი სხვა ჯიშის ყურძენია.

რთვლის საკოორდინაციო შტაბის მონაცემებით, ყურძნის დღეღამური გადამუშავების მოცულობა 10-12 ათასი ტონაა, რაც რთვლის მაღალ აქტიურობაზე მიუთითებს.

ფერმერების დასახმარებლად შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. იგი შექმნილია იმისთვის, რათა გადამუშავების ასეთი მაღალი დონის პირობებში ღვინის საწარმოებში რიგები არ წარმოიშვას. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს "ცხელ ხაზზე" – 1501.

გასულ წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა – დაახლოებით 230 ათასი ტონა, მევენახეების შემოსავალმა 300 მილიონ ლარს გადააჭარბა.

 

ყველა ახალი ამბავი
0