OECD-მ საქართველოს საინვესტიციო გარემო დადებითად შეაფასა

გამოწერა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, OECD საქართველოს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებს.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა, განაცხადეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) ექსპერტებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 53,7%-ით შემცირდა და 187 მლნ დოლარი შეადგინა. ხელისუფლების წარმომადგენლები ძირითად მიზეზებს შორის ასახელებენ მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის ფაზის დასრულებას, ასევე რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში გადასვლას.

OECD-ს ექსპერტებმა საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შესწავლის პროცესში პირველადი დასკვნები წარმოადგინეს. მათი სიტყვებით, ჩატარებული რეფორმების წყალობით საქართველო რეგიონში უდავო ლიდერია. შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობდნენ ეკონომიკის სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებების, ბიზნეს-ასოციაციების, საერთაშორისო ასოციაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„ის, რაც OECD-ს წინასწარ ანგარიშში იყო წარმოდგენილი, კიდევ ერთხელ მკაფიოდ უსვამს ხაზს მთავრობის მიერ არჩეულ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, იმ რეფორმების მიმდინარეობას, რომელიც ეფექტიანად ხორციელდება და ფართოდ უღებს კარს საერთაშორისო კომპანიებს, რომ მათ წარმატებით განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში", – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ.

მისი სიტყვებით, ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასება, როგორიც არის OECD, არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი საქართველოს, როგორც ინვესტორებისთვის მიმზიდველი და საინტერესო ქვეყნის პოზიციონირებისთვის.

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia / FB თბილისში OECD-ის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა
OECD-მ საქართველოს საინვესტიციო გარემო დადებითად შეაფასა - Sputnik საქართველო
თბილისში OECD-ის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

„მათ გააჟღერეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, მათ შორის ხაზგასასმელია შეფასება, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება", – აღნიშნა ალავიძემ.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისში კონფერენციაზე საქართველოს საინვესტიციო კლიმატი განიხილეს

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მიიღო რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოხდეს მოკლე და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის დახვეწა და ღირსეულად წარდგომა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმზე OECD Eurasia week 2020. ფორუმი 2020 წლის მარტში ჩატარდება.

სამინისტრომ აღნიშნა, რომ საქართველოში ასეთი მასშტაბების მსგავსი ღონისძიებების ჩატარება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებისთვის უპრეცედენტოა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრები, ექსპერტები, ბიზნეს-წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მათ შორის, OECD-ს წევრი ქვეყნებიდან, OECD-ს ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის წევრი ქვეყნებისა და ასევე საერთაშორისო განვითარების პარტნიორი ორგანიზაციების (EBRD, WB და სხვ.) 300-მდე წარმომადგენელი.

ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობისა და არსებული ბიზნეს-გარემოს შესახებ უფრო დეტალური და ვრცელი შეფასებები გაკეთდება.

OECD 1984 წელს დაფუძნდა და დღეისთვის მასში 36 სახელმწიფო შედის.

ყველა ახალი ამბავი
0