საქართველოში საწარმოებს უცხოური დემპინგისგან ახალი უწყება დაიცავს

© photo: Ministry of Economy and Sustainable Development / FBრუსთავის მეტალურგიული ქარხანა
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანტიდემპინგური დეპარტამენტი კონკურენციის სააგენტოში 2020 წლისთვის გაჩნდება.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ პარლამენტში შეიტანა ახალი კანონის პროექტი „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ", რომელიც ითვალისწინებს კონკურენციის სააგენტოში სპეციალური დეპარტამენტის შექმნას, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მთავრობამ ჯერ კიდევ ივლისში დაამტკიცა ეს კანონპროექტი, რომლის მიზანიც დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვაა. დემპინგი საერთაშორისო ვაჭრობაში გავრცელებული ფასდადების პრაქტიკაა, როდესაც ერთი ქვეყნის კომპანიას პროდუქტი მეორე ქვეყანაში ექსპორტზე გააქვს თვითღირებულებაზე ნაკლებ, ან საკუთარ ქვეყანაში გასაყიდად დადგენილზე ნაკლებ ფასად.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
რა საჭიროა ანტიდემპინგური კანონი და რა სარგებელს მოუტანს ის ქართულ ბაზარს

ანტიდემპინგური დეპარტამენტი კონკურენციის სააგენტოში 2020 წლისთვის გაჩნდება, რომელშიც 12 ადამიანი დასაქმდება.

კანონპროექტის თანახმად, პირები, რომლებიც გადაწყვეტენ საქართველოში დემპინგური იმპორტით დაკავდნენ, ვალდებული იქნებიან აანაზღაურონ ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანი, რაც გაზრდის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს.

საქართველოს აქამდე არ ჰქონია საგარეო ვაჭრობაში ანტიდემპინგური საკანონმდებლო ბაზა, თუმცა მის შემუშავებას ადგილობრივი ბიზნესი კარგა ხანია ითხოვს.

ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღების მომხრეების აზრით, დემპინგური იმპორტი აფერხებს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ამცირებს დასაქმებულთა რაოდენობას. მათი განცხადებით, სწორედ დემპინგურმა ფასებმა შეაჩერა ბოლო წლებში საქართველოში მეტალურგიური ქარხნის და ცემენტის ადგილობრივი წარმოებები. ასევე შეუქმნა პრობლემა შაქრის ადგილობრივ წარმოებას, რადგან ამ პროდუქტის ძირითად მწარმოებელ კომპანია „აგარის" ქარხანას უკრაინულ შაქართან კონკურენცია გაუჭირდა.

მომხრეების გარდა, ანტიდემპიგურ კანონმდებლობას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომლებიც თვლიან, რომ მომხმარებლისთვის საზიანოა, როცა იმპორტიორს არ ეძლევა საშუალება – პროდუქტს თავისთვის მომგებიანი, მაგრამ ბაზარზე არსებულზე ნაკლები ფასი დაადოს. ეს მომხმარებელს პროდუქციას უძვირებს და არჩევანის თავისუფლებას ართმევს.

ყველა ახალი ამბავი
0