რთველი აქტიურ ფაზაში შედის: კახეთში 15 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

გამოწერა
აღებული მოსავლიდან 5,7 ათასი ტონა საფერავი, 5 ათასი ტონა რქაწითელი, 2 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. 7 სექტემბრის დილის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 15 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახელი მევენახეები ყურძნის ფასის გაზრდას მოითხოვენ: აქცია ყვარელში >>

უწყების ინფორმაციით, აღებული მოსავლიდან 5,7 ათასი ტონა საფერავი, 5 ათასი ტონა რქაწითელი, 2 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

გავრცელებული ინფორმაციით, ყურძნის გადამუშავების პროცესში დღეს 30 ღვინის საწარმო იქნება ჩართული. რთველი აქტიურია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, უახლოეს დღეებში მოსავლის დაბინავების პროცესი გურჯაანსა და ყვარელშიც დაიწყება.

„რთველის საკოორდინაციო შტაბში 163 ღვინის მწარმოებელი კომპანია უკვე დარეგისტრირებულია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ჩაერთვებიან.  წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია, რომ მევენახეებმა  ყურძნის ორგანიზებულად და შეუფერხებლად ჩაბარება შეძლონ. რთველის პროცესში სააგენტო ჩართულია მოსავლის აღრიცხვიანობის მიმართულებით და არ ერევა ფასწარმოქნასა და თავისუფალი ბაზრის რეგულაციაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

რთველი - Sputnik საქართველო
რთველი 2019-ის მოლოდინში: იქნება ბევრი ყურძენი და ნაკლები ღვინო

საკოორდინაციო შტაბი „რთველი 2019“, რომელიც ქალაქ თელავში ფუნქციონირებს, მევენახეებს ჩამბარებლის მოძებნაში ეხმარება.

გუშინ კი ყვარლის მუნიციპალიტეტში ქარხნებისთვის ჩასაბარებელ ყურძენზე ფასის გაზრდის მოთხოვნით აქცია გაიმართა. მევენახეების ნაწილი ხელისუფლებას ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან შუამდგომლობას სთხოვდა.

მათი თქმით, 1 კგ რქაწითელში გადახდილი 70 თეთრი ძალიან ცოტაა და ამ ჯიშის ყურძნის ფასი ერთ ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

აღსანიშნავია, რომ წელს კახეთში ყურძნის მდიდარ მოსავალს ელოდებიან, თუმცა მისი რეალიზაციის საკითხი კვლავ პრობლემატურია. პროგნოზების თანახმად, ყურძენზე მოთხოვნა დაბალი იქნება. კერძო კომპანიები რუსეთის მიერ დაწესებულ ემბარგოს უფრთხიან და ცდილობენ, სანამ ვითარება სტაბილური არ გახდება, რისკებს თავი აარიდონ.

ყველა ახალი ამბავი
0