საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფასების ზრდასთან ბრძოლა დაიწყო

© Sputnik / Alexander Imedashviliსწრაფი გადახდის აპარატები
სწრაფი გადახდის აპარატები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბანკი, აუცილებლობის შემთხვევაში, პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების კუთხით საგანგებო გადაწყვეტილებების მიღებას არ გამორიცხავს.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, გაძლიერებული ინფლაციური მოლოდინების საპასუხოდ, გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა ლარის კურსის გაუფასურების საპასუხოდ, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოთხშაბათს რეფინანსირების განაკვეთი 0,5 საპროცენტო პუნქტით – 7%-მდე გაზარდა.

ლარი - Sputnik საქართველო
რა ელოდება ლარს? ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კომენტარს აკეთებს

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გამოანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

განაკვეთი ბოლოს მარტში შეიცვალა, როდესაც ის 6,75%-დან 6,5%-მდე შემცირდა.

ეროვნული ბანკი მზადაა, მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს

ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში ინფლაციის წლიურმა დონემ 4,9% შეადგინა.

„სიგარეტზე აქციზის გადასახადის ზრდა (წვლილი – 0.8 პროცენტული პუნქტი) კვლავ რჩება წლიური ინფლაციის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნების ერთ-ერთ მიზეზად. ამავე დროს ბოლო პერიოდში გაიზარდა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გავლენა. აღსანიშნავია, რომ საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ფასებს, კვლავ დაბალია და 2.4 პროცენტს შეადგენს, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე ზეწოლის სისუსტეზე მიუთითებს", – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ლარი - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებას ლარის გამყარების სჯერა

ამასთან, ქვეყანაში ერთობლივი მოთხოვნა პოტენციურ დონეებზე დაბალი რჩება, რაც გაცვლითი კურსის მხრიდან ინფლაციაზე ზეწოლის ნაწილობრივ კომპენსირებას ახდენს.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, ამჟამინდელი პირობების შენარჩუნების შემთხვევაში, ინფლაცია წელს მიზნობრივ დონეზე (3%) მაღლა დარჩება. მაჩვენებელი შემცირებას მომავალი წლის მარტიდან დაიწყებს და საშუალოვადიან პერსპექტივაში მიზნობრივ დონესთან ახლო დარჩება.

„ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული გაუფასურება ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთის გაზრდის შესახებ", – აღნიშნულია პრეს-რელიზში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკი მზადაა, განაგრძოს პოლიტიკის გამკაცრება, სანამ ზეწოლა გაცვლით კურსზე არ შესუსტდება.

ბევრი ლარი და ცოტა დოლარი... ანუ მთავარი ბანკირის ჰობი თუ თვითმიზანი?>>

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 23 ოქტომბერს გაიმართება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი რიგგარეშე სხდომას ჩაატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0