როდის დაიწყება ანაკლიის პორტისკენ გზის მშენებლობა

გამოწერა
ახალი პორტისკენ გზების მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტისკენ მიმავალი 18-კილომეტრიანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის ხაზების დაპროექტება აქტიურ ფაზაშია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ანაკლიის პორტის მშენებლობა: ხელისუფლებამ გზის მიმართულება აირჩია>>

ანაკლიის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ფარგლებში საავტომობილო გზის და სარკინიგზო ხაზის მშენებლობა საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა. გზების დაპროექტებას ახორციელებს ავსტრალიური კომპანია SMEC. დაპროექტების სამუშაოების ღირებულება 7 მილიონ ლარს შეადგენს. დაპროექტება დასრულდება მიმდინარე წლის ოქტომბერში, ხოლო მშენებლობა პორტის მუშაობის დაწყებამდე უნდა დასრულდეს.

„ამ დროისთვის ტოპო-გეოდეზიური სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და ინტენსიურად ხორციელდება გეოლოგიური სამუშაოები. ადგილზე ერთდროულად ოთხი საპროექტო ჯგუფი მუშაობს", – აღნიშნულია განცხადებაში.

დაპროექტების ფარგლებში მომზადდება დოკუმენტები გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და მოქმედებების გეგმის განახლების კუთხით. უწყების მონაცემებით, უშუალოდ მშენებლობის დაწყება 2019 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძე: ანაკლიის პროექტს სრული მხარდაჭერა აქვს ჩვენი მხრიდან

ცნობილი საკონსულტაციო კომპანია SMEC 1949 წელს დაფუძნდა. ის ავსტრალიური კომპანია SJ Group-ის ნაწილია. კომპანია მუშაობს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. SMEC-ს საქმიანობის სფეროა ხიდების, გზების, აეროპორტების, რკინიგზის, გვირაბების, ჰესებისა და მეტროს დაპროექტება.

საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო.

პროექტს ახორციელებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მ დააფუძნეს. ამჟამად კონსორციუმში გაერთიანებული არიან ასევე პორტის ოპერატორი SSA Marine (აშშ), British Wondernet Express (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd (ბულგარეთი).

პორტმა პირველი ტვირთები 2021 წელს უნდა მიიღოს.

ყველა ახალი ამბავი
0