ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისიდან“ აძევებს

გამოწერა
„თიბისი ბანკის“ და მისი დამფუძნებლების ირგვლივ სიტუაცია გართულდა.

 თემურ იოსელიანი

ხუთშაბათს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ბანკის სახელით ხელმოწერის უფლება აუკრძალა.

ამას გარდა, სებ-მა „თიბისის“ აქციონერებს ორთვიანი ვადა მისცა, რათა ხაზარაძე და ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოდანაც გარიცხონ. მარტივად რომ ვთქვათ, ათწლეულების მანძილზე წარმატებულ ბანკირებად მიჩნეულ ხალხს ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობას უკრძალავს და მათ მიერვე შექმნილი ბანკიდან აძევებს.

ეროვნული ბანკის განცხადებაში მითითებულია, რომ ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ გატარებული სანქცია 2007-2008 წლებში მომხდარ ტრანზაქციებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ 11 წლის დაგვიანებით, მხოლოდ წელს, იანვარში დაიწყო დავა. დავა ოპოზიციამ და ცალკეულმა ექსპერტებმა მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიად შეაფასეს და განაცხადეს, რომ „თიბისის“ პირადად ბიძინა ივანიშვილი ებრძვის. 

თი-ბი-სი ბანკის სათაო ოფისი - Sputnik საქართველო
რატომ გახდა ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე სამიზნე

მასმედიაში ბევრი დაიწერა და ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილთან აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ანაკლიის პორტის საკითხს, რომელსაც ხაზარაძის კომპანია აშენებს. გავრცელებული ინფორმაციით, ანაკლიის საკითხს შეეწირა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და ასევე რამდენიმე მინისტრის თანამდებობა. მამუკა ხაზარაძის მიმართ კი ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდაც გამოხატა უკმაყოფილება, როცა ვანო ჩხარტიშვილთან ბიზნეს-დავა „მოუგვარა“ – ჩხარტიშვილს უკვე მოგებული სასამართლოს პირველი ინსტანციის შემდეგ დავის შეწყვეტა სთხოვა და დაიყოლია.

„ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი ანგარიში გამიწია ნებისმიერი ბიზნესმენისგან განსხვავებით და ყველაზე მეტად დაიხია უკან, რისთვისაც მე მადლიერებას გამოვხატავ. აგერ „თიბისი ბანკი“, ნორმალური მადლობა არ უთქვია ხაზარაძეს“, - განაცხადა ივანიშვილმა 2018 წლის ოქტომბერში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: „თიბისი" ბანკისთვის საფრთხე ამჟამად არ არსებობს

მამუკა ხაზარაძის პოზიცია

ეროვნული ბანკის განცხადებას მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ მეშვეობით გამოეხმაურა.

„მეგობრებო, უკვე 8 თვის განმავლობაში „თიბისის“, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ეროვნული ბანკის დღევანდელი ბრძანებით დაგვირგვინდა, სებ-ი ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით და დღეს უკვე წარმატებულ, საერთაშორისო, ლონდონში ბაზირებულ, მრავალმილიარდიან ორგანიზაციად იქცა, თიბისელების გუნდი 10,000-მდე ადამიანს ითვლის და სიამაყით და იმედით უყურებს მომავალს“, – წერს ხაზარაძე.

მისი თქმით, „თიბისის“ წინააღმდეგ არსებული დავა უსაფუძვლოა და ის არ შეეგუება უსამართლობას.

„მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია DENTONS-მა შეისწავლა 11 წლის წინანდელი საკითხი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
ხაზარაძისა და ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გასაწვევად TBC ბანკს ორთვიანი ვადა მიეცა

ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას. არ შევეგუებით უსამართლობას და ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებით დავიცავთ თიბისის და მისი აქციონერების სამართლებრივ უფლებას ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებში.

დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან“, - წერს ხაზარაძე.

უკვე დამდგარი შედეგი

მიუხედავად ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების არაერთი განცხადებისა, რომ ბანკის სტაბილურობის მნიშვნელობა ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ საქმე მხოლოდ ბანკის ორ დამფუძნებელს ეხება და ეს პროცესი ნეგატიურად არ აისახება თავად ბანკზე და მის აქციონერებზე, სებ-ის განცხადების შედეგი მყისიერად დადგა.

ლიბერთი ბანკი - Sputnik საქართველო
საბანკო სექტორის ახალი რეკორდი და შიშნარევი მოლოდინები...

მას შემდეგ, რაც ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ სებ-მა სანქციები გაატარა, „თიბისის“ აქციების ფასმა დაცემა დაიწყო. 14 თებერვალს ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგის წევრმა „თიბისი ბანკის“ ჯგუფმა საბაზრო კაპიტალიზაციის 6.66% ანუ 52 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაკარგა. ლარებში ეს თანხა 176 მილიონს აღემატება. „თიბისის“ ერთი აქციის ღირებულება 13.34 გირვანქა სტერლინგამდე შემცირდა, რაც 2016 წლის 2 დეკემბრის შემდეგ მინიმალურ ფასს წარმოადგენს. 15 თებერვლის ვაჭრობა 13.46-ით დაიწყო, გახსნიდან მალევე აქციების ღირებულება ჯერ 13.10-მდე დაეცა, შემდგომ კი 13.34-მდე გაიზარდა, მთლიანობაში პარასკევს ვარდნა 0.9%-ის ტოლია. 

„ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისის“ აქციების ვარდნა შეჩერდება, ის უსასრულოდ ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ფარესიშვილმა BM.GE-სთან საუბრისას. 
მისი თქმით, შესაძლოა ბირჟაზე ხალხმა „თიბისის“ აქციების ყიდვა დაიწყოს შედარებით დაბალი ფასის გამო, თუმცა უახლოეს მომავალში, თუნდაც ორ დღეში, ის ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდება. 
„როცა ბირჟაზე რომელიმე კომპანიის აქციები ვარდნას იწყებს, ხალხი ამ კომპანიის აქციებს ყიდულობს. თუმცა ნებისმიერი ნეგატიური ინფორმაცია, რომელიც მიდის ქვეყნიდან, იქნება ეს ზედამხედველის, თუ ხელისუფლების მხრიდან, რა თქმა უნდა, აქციების ფასზე უარყოფითად აისახება, ასევე ნეგატიურ გავლენას ახდენს ის კომპანიაზე და მის აქციონერებზე“, – აცხადებს ფარესიშვილი. 

 TBC bank–ის ბანკომატი - Sputnik საქართველო
პრემიერმა „თიბისი ბანკთან" დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

„თიბისის“ მხარდაჭერა და ხელისუფლების პოზიცია

საქართველოს საბანკო ასოციაციამ „თიბისი ბანკს“ ერთგვარი ფრთხილი მხარდაჭერა გამოუცხადა. ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სახელები არ არის ნახსენები და მხოლოდ ზოგადი პოზიციაა დაფიქსირებული.

„თიბისი ბანკი ფინანსური მაჩვენებლებით არა თუ ქვეყნის, არამედ რეგიონის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია. აღნიშნული გვაძლევს უფლებას სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილება არ იქონიებს გავლენას თიბისი ბანკის სამომავლო განვითარებაზე და მის სტრატეგიაზე.
მისასალმებელია თიბისი ბანკის მენეჯმენტის გადაწყვეტილება, გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი გზები და სასამართლოს მეშვეობით დაიცვას აქციონერების და ბანკის ინტერესები.

საქართველოს საბანკო ასოციაცია მხარს უჭერს თიბისი ბანკს და ყველა თიბისელს და მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს თავი შეიკავონ ზედმეტი ინსინუაციებისაგან“, – ვკითხულობთ ასოციაციის განცხადებაში.

„თიბისის“ მხარდაჭერას უცხადებენ ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით, ეროვნული ბანკი ივანიშვილის სურვილს ემორჩილება და შესაბამისი გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე მიიღო.

TBC bank-ის ერთ-ერთი ფილიალი - Sputnik საქართველო
„აბსურდული საქმე“ - მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა პირველი კომენტარი გააკეთა

ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი რომან გოცირიძე „რუსთავი 2“-თან ამბობს, რომ ბოლო თვეებში კულუარულად მიდიოდა მოლაპარაკებები „თიბისის“ დამფუძნებლებთან.

„ეს არის პირდაპირი ზეწოლა ივანიშვილის მხრიდან და ამ შემთხვევაში შუამავლის როლს, როგორც ამბობენ, თამაშობდა (შს მინისტრი) გახარია და, ფაქტობრივად, მიდიოდა ამ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ზეწოლა ეროვნულ ბანკზე, რომ არათუ სამეთვალყურეო საბჭოდან გამოეყვანათ ხაზარაძე და ჯაფარიძე, არამედ მათ გაეყიდათ აქციები“, - ამბობს გოცირიძე. მისი თქმით, აუცილებელია ხაზარაძემ ღიად თქვას, რა ხდებოდა.

„მამუკა ხაზარაძე სანამ პრობლემების მოგვარებას შეეცდება კულუარული გზებით, ის წავა არა მხოლოდ თიბისი ბანკიდან, არამედ წავა ციხეში. უნდა თქვას ყველაფერი, რაც მიმდინარეობდა ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში“, – მიაჩნია გოცირიძეს.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
ხაზარაძის ბანკი დაახლოებით 17 მილიონი დოლარის „გათეთრებაშია" ეჭვმიტანილი

გოცირიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა ხაზარაძე და ჯაფარიძე დაამარცხოს, მაგრამ, „თიბისი ბანკი“ აუცილებლად „ყელში გაეჩხირება და დაახრჩობს“.

რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ არც პოლიტიკური ზეწოლის სჯერათ და არც ივანიშვილის პირადი დაინტერესების. ყოფილი ბიზნეს-ომბუდსმენი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ სიტუაციას ყველაზე უკეთ ეროვნული ბანკი ფლობს, ხოლო თავად გამოძიების დასრულებას დაელოდება.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია იმედოვნებს, რომ სამართალდამცველი ორგანოები დეტალურად გაერკვევიან სიტუაციაში და „თიბისის“ წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხი გაეცემა.

„მე არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არის კერძო ბიზნესზე ზეწოლა“, - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

რა გზას აირჩევს „თიბისი ბანკი“ და მისი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, წესით, მალე უნდა გამოჩნდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0