01:46 20 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2434
  • 100 RUB4.3709
  • USD2.9225
ღვინის სახლი აჭარაში

სოფლის მეურნეობის რეკორდები, ანუ როგორ დგება ფეხზე ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (28)
153 0 0

საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარებას აგროკრედიტების, სოფლის ახალგაზრდობის სტიმულაციითა და სხვა პროგრამებით ცდილობს

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უწყების 2018 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა.

სოფლის მეურნეობა საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული სფეროა. მის განვითარებაზე გამოიყოფა დიდი სახსრები და ფერმერთა მხარდასაჭერად ხორციელდება მრავალი პროგრამა. მაგრამ ეს ჯერ ძალიან ცოტაა, მიიჩნევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია.

ქობულიამ ამ დღეებში სოფლის მეურნეობას დაბალი პროდუქტიულობის სფერო უწოდა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მისი რეფორმირება.

სოფლის დახმარება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და ამისთვის ფერმერების დახმარების ერთდროულად ორ პროგრამას ახორციელებს.

მაგალითად, პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი ითვალისწინებს მიზნობრივ კრედიტებს დაბალი ტარიფით. ფერმერებმა 2018 წელს მიიღეს 1,2 მილიარდ ლარზე მეტი და 247 მლნ აშშ დოლარის ოდენობის 32 ათასი კრედიტი. შედეგად ამუშავდა 185 ახალი საწარმო, ხოლო ხელახლა აღიჭურვა - 880.

რაც შეეხება პროგრამას „დანერგე მომავალი", რომელიც პროგრამის „შეღავათიანი აგროკრედიტი" ნაწილია, ითვალისწინებს ფერმერების მხრიდან ბაღების განახლებისა და გაშენებისთვის ნერგების შესყიდვას სახელმწიფოს მიერ ასპროცენტიანი დაფინანსებით.

ფერმერების დახმარების კიდევ ერთი პროგრამაა „ახალგაზრდა მეწარმე". მისი მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება სოფლებში ცხოვრებითა და დასაქმებით. ამ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო გამოყოფს მთლიანი ღირებულების 40%-ის ოდენობის გრანტებს სტარტაპებზე. 2018 წელს ამ პროგრამაში 100-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო.

სახელმწიფომ 2018 წელს ასევე იზრუნა ფერმერთა მოსავლის სტიქიური უბედურებებისგან დაზღვევაზე. ყოველწლიურად ფერმერები თავიანთ მოსავალს საერთო 15 ათას ჰექტარ ფართზე აზღვევენ და სტიქიური უბედურების შემთხვევაში, კომპენსაციას იღებენ.

ლიდერობს მეღვინეობა

საიდუმლო არაა, რომ ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, რომლითაც საქართველოს უცხოეთში ცნობენ, ღვინოა. ხელისუფლება მეღვინეობას, ღვინის წარმოებას დიდ ყურადღებას უთმობს, თან, მოსავალი ბოლო წლებში იმდენად გაიზარდა, რომ სახელმწიფომ 2018 წელს სუბსიდირების პრაქტიკაზე უარი თქვა. მიუხედავად ამისა, 292-მა კომპანიამ გადაამუშავა 245 ათასი ტონა ყურძენი, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ყურძნის საერთო ღირებულებამ 312 მლნ ლარს გადააჭარბა.

სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ღვინის ექსპორტს. საქართველოდან იანვარ-ნოემბერში გაიტანეს 184,1 მლნ დოლარის ღირებულების 78 მლნ ბოთლი ღვინო, ასე რომ, მიმდინარე წლის 11 თვის ექსპორტმა მთელი 2017 წლის ექსპორტს უკვე გადააჭარბა.

რეკორდი დამყარდა მთლიანად საქართველოდან აგროპროდუქციის ექსპორტის მხრივ - დაახლოებით 1 მილიარდი ლარი

საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებით ზრუნავს ვენახების შენარჩუნებაზე. ამისთვის 2014 წელს ამოქმედდა პროექტი ვენახების კადასტრების შესახებ, რომელიც 2019 წელს დასრულდება.

ამას გარდა, სახელმწიფო თვალყურს ადევნებს ყურძნის ტრადიციული ჯიშების შენარჩუნებას და არეგისტრირებს მათ უნიკალურ წარმომადვლობას.

მომავალი კოოპერატივებისაა

სახელმწიფო სოფლის მეურნეობაში კოოპერატივების იდეას ცხოვრებაში ასხამს ხორცს, განსაკუთრებით თაფლისა და რძის წარმოების სფეროებში.

მაგალითად გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დაიწყო თაფლის კოოპერატიული წარმოების მშენებლობა, რომელმაც უნდა მიიღოს და გადაამუშავოს 2 მლნ ტონა თაფლი.

გარდა ამისა, 2018 წელს ამუშავდა 10 რძის და 10 - ყურძნის გადამამუშავებელი კოოპერატიული საწარმო.

მაღალმთიან რაიონებში მეცხოველეობის კოოპერატივების მხარდაჭერა ხორციელდება. სახელმწიფო 2017 და 2018 წლებში სულ დაეხმარა 39 კოოპერატივს - მათ 25 წლით საძოვრები გადასცეს და დაეხმარნენ საკვების გადამამუშავებელი საწარმოების შექმნაში.

მავნებლებთან ბრძოლა

მთავარი გამოწვევა 2018 წელს იყო მავნებლები და განსაკუთრებით - აზიური ფაროსანა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ აკონტროლებს აზიური ფაროსანას პრობლემას და 2019 წელს ამ მავნებლის წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაციების ჩატარებას გეგმავს.

მთლიანობაში, 2018 წელს ქიმიურად დამუშავდა 780 ჰექტარი მიწა, ასევე დამონტაჟდა დაახლოებით 50 ათასი ხაფანგი, რის შედეგად ფერმერების უმრავლესობამ მოსავლის აღება შეძლო.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (28)

მთავარი თემები