თბილისი, 13 სექტემბერი – sputnik. საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს. 2018 წლის პირველ რვა თვეში რუსეთზე მთელი იმპორტის 26,1% მოდის, აღნიშნულია საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.
ნავთობპროდუქტების იმპორტი მთლიანობაში მიმდინარე წლის იანვარ–აგვისტოში 8,3%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 733,2 ათასი ტონა შეადგინა.
„მათ შორის, 2018 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 362,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 70,6 ათასი ტონა“, – ნათქვამია იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.
2018 წლის 8 თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 254,7 ათასი ტონა, ანუ 70,2%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი – 101,7 ათასი ტონა, ანუ 28,0%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 6,2 ათასი ტონა, ანუ 1,7%.
2018 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთზე მოდის – 191,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26,1%-ია.
გაიზარდა ნავთობპროდუქტების იმპორტი აგვისტოშიც – საქართველოში ამ თვეში შემოიტანეს 107,5 ათასი ტონა, რაც გასულის წლის აგვისტოს მაჩვენებელზე 7,4%-ით მეტია.
„მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 57,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 49,9 ათასი ტონა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
2018 წლის აგვისტოში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 42,2 ათასი ტონა, ანუ 73,3%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი – 14,8 ათასი ტონა, ანუ 25,7%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 0,6 ათასი ტონა, ანუ 1,0%.
ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის მოცულობის ყველაზე მეტი წილი მოდის რუსეთზე – 31,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,2%-ს შეადგენს.
საწვავის იმპორტი და მოხმარება საქართველოში კვლავ მაღალია მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ფასები რეკორდულად მაღალია, აღნიშნავენ საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.
„ამას განაპირობებს საავტომობილო პარკის ზრდა“, – აცხადებენ კავშირში.
საწვავის მოხმარების ზრდას ასევე ხელს უწყობს სატრანზიტო გადაზიდვების მატება, საქართველოში ტურისტებისა და ვიზიტორების მნიშვნელოვანი ზრდა, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების აქტიური მიმდინარეობა.
ამჟამად ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში საშუალო ფასებია: 1 ლიტრი ბენზინი სუპერი – 2,55–2,67 ლარი, 1 ლიტრი პრემიუმი – 2,45-2,59 ლარი, 1 ლიტრი რეგულარი – 2,32-2,49, 1 ლიტრი ევრო-დიზელი – 2,45-2,54 ლარი, 1 ლიტრი დიზელი – 2,32-2,52 ლარი. მიმდინარე კურსი: 1 აშშ დოლარი – 2,6 ლარი.