საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპები იზრდება

გამოწერა
ეკონომიკურო ზრდის მასტიმულირებელია საგარეო სავაჭრო კავშირების აქტივაცია და ტურისტების ნაკადის ზრდა

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2018 წლის თებერვალში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 5,5% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვალში — 4,9%, აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალებში.

„2018 წლის თებერვალში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა. 2018 წლის თებერვალში საქონლის ექსპორტის 25 პროცენტიანი, ხოლო იმპორტის 8.7 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა", — განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.

ქართული ღვინო გამოფენაზე WinExpo 2017 - Sputnik საქართველო
რომელ ქვეყნებში უყვართ ქართული ღვინო

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო რიგმა ფაქტორებმა, მათ შორის საქართველოში დარეგისტრირებული საწარმოების ბრუნვის 11%-ით ზრდამ, ახალი საწარმოების რიცხვი კი 12,9%-ით გაიზარდა.

ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა მომსახურების ექსპორტის ზრდამ — თებერვალში, გასული წლის თებერვალთან შედარებით, წლიური შემოსავალი ტურიზმიდან 31,1%-ით გაიზარდა და 166,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აღნიშნა მიქაბაძემ.

მისი თქმით, გაუმჯობესდა სხვა ფაქტორებიც — 20.6 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 95.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მიქაბაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაზე, ვაჭრობის დივერსიფიკაციასა და ინოვაციების სტიმულირებაზე.

ნავთობის ტრანსპორტირება - Sputnik საქართველო
საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა - ვისთან და რითი ვაჭრობს საქართველო

„აღსანიშნავია, რომ საგარეო მოწყვლადობის შემცირება და ასევე მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზეც, რასაც, თავის მხრივ, პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდაზე", — განაცხადა მიქაბაძემ.

მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის მარტში სარეიტინგო კომპანია Fitch-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით.

„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და მიმდინარე რეფორმებზე კიდევ უფრო ზრდის ინვესტორთა ნდობას", — განაცხადა მიქაბაძემ.

 

ყველა ახალი ამბავი
0